
აშშ-ის სასამართლო: ტრამპის ადმინისტრაციამ უკანონოდ შეაჩერა ელექტრომობილების დამტენების დაფინანსება
Jan 25, 2026
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკანონოდ შეაჩერა ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ფედერალური დაფინანსება. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა 20 დემოკრატიული შტატისა და კოლუმბიის ოლქისთვის, რომლებმაც საკითხი სასამართლოში გაასაჩივრეს.
სიეტლში მოქმედმა აშშ-ის საოლქო მოსამართლემ დაასკვნა, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტმა და ფედერალურმა საავტომობილო ადმინისტრაციამ კონგრესის მიერ დამტკიცებული პროგრამის დაფინანსება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეაჩერა.
საქმე ეხება National Electric Vehicle Infrastructure (NEVI) პროგრამას, რომელიც 2021 წელს, ჯო ბაიდეის ადმინისტრაციის დროს, ინფრასტრუქტურის საინვესტიციო და დასაქმების აქტის (IIJA) ფარგლებში შეიქმნა და ელექტრომობილების დამტენი ქსელის განვითარებას ითვალისწინებდა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტის დეპარტამენტს სამუდამოდ ეკრძალება შტატებისთვის უკვე დამტკიცებული დაფინანსების გაუქმება ან მათი განხორციელების გეგმების შეწყვეტა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა არც დროებით და არც სრულ შეჩერებას ამ პროგრამის ფარგლებში.
გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ეს შტატებს საშუალებას აძლევს გააგრძელონ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც სუფთა ტრანსპორტზე გადასვლას ემსახურება.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ დაფინანსების შეჩერება დროებითი იყო, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს ქმედება კონგრესის ნებას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციამ კონგრესის მიერ დამტკიცებული სახსრები იმ ფორმით შეაჩერა, რაც კანონით არ იყო გათვალისწინებული.
ამ ფონზე, აშშ-ის სენატი მომავალ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში უკვე მიღებულია და ითვალისწინებს ელექტრომობილების დამტენი ქსელისთვის დამტკიცებული დაახლოებით 879 მილიონი დოლარის სხვა ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე გადამისამართებას.
გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა აშშ-ში არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.