
Toyota-ს გამოწვევა Rolls-Royce-ს: ახალ Century SUV-ს შესაძლოა 800-ცხენისძალიანი V-12 ძრავა დაუყენონ
Feb 23, 2026
როგორც ჩანს, Toyota-მ ძველი ტრადიციების აღდგენა გადაწყვიტა. თავდაპირველად მათ GR GT წარადგინეს, რითაც ავტომწარმოებლის არსენალს 4.0-ლიტრიანი V-8 ძრავა დაუბრუნდა (ეს დიზაინი და მოცულობა Toyota-სგან 2000 წლისა და 1UZ-ის შემდეგ არ გვინახავს). ახლა კი ჩნდება შანსი, რომ გასულ შემოდგომაზე Japan Mobility Show-ზე წარმოდგენილმა Century Coupe-ს კონცეპტმა, წარმოებაში ჩაშვებისას, კიდევ ერთი ლეგენდარული ძრავა გააცოცხლოს.

რატომ არის ეს ძრავა ასეთი მნიშვნელოვანი? თუ არსებობს ძრავის განლაგება, რომელიც ძალას, ფუფუნებასა და ექსტრავაგანტულობას განასახიერებს, ეს სწორედ V-12-ია. 1GZ-FE მოდელი, რომელიც 1997-დან 2017 წლამდე გამოსულ Toyota Century-ის ლიმუზინებში გვხვდებოდა, ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა. ის მუშაობდა წარმოუდგენლად რბილად და შეუფერხებლად, რაც იდეალური იყო მძღოლიანი მფლობელების სრული სიმშვიდისთვის. ამ უმაღლესი კლასის სედანების მცირე ნაწილი აშშ-შიც კი მოხვდა, Toyota-ს აღმასრულებლების გამოსაყენებლად.

ახლა კი, როდესაც ჰორიზონტზე ახალი ულტრა-მდიდრული ბრენდი და ავტომობილი Century ჩანს, არის შანსი, რომ Toyota ამ ძრავის დიზაინს თანამედროვე გაუმჯობესებებით დააბრუნებს.
რას ამბობენ წყაროები
იაპონური საავტომობილო გამოცემა Magazine X-ის წყაროებზე დაყრდნობით, ახალ 6.0-ლიტრიან V-12 ძრავაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის სწორედ Century Coupe SUV-ის კაპოტქვეშ დაიდებს ბინას. მართალია, გამოცემა ჯერჯერობით დარწმუნებული არ არის, როგორ აიგება ეს V-12 (იქნება ეს სრულიად ახალი ძრავა თუ GR Supra-ში ამჟამად არსებულ BMW-ს 3.0-ლიტრიან I-6-ზე დაფუძნებული), თუმცა ცხადია, რომ Century მხოლოდ შიგაწვის ძრავის სიმძლავრის იმედად არ იქნება.

როგორც ჩანს, ძრავას ორი ტურბოკომპრესორი და Plug-in ჰიბრიდული სისტემა დაეხმარება, ავტომობილი კი სრულამძრავიანი (AWD) იქნება. ანგარიშის თანახმად, ეს კომბინაცია დაახლოებით 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომელიც 8 ან 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გადაიცემა.

მიზანი: ულტრა-პრემიუმ სეგმენტი
Century Coupe არ არის უბრალოდ მდიდრული Highlander-ი. ეს არის Toyota-ს სერიოზული ნახტომი ულტრა-პრემიუმ სეგმენტში. განსხვავებით Lexus-ისგან, რომელიც ძირითადად Mercedes-Benz-სა და BMW-ს უწევს კონკურენციას, Century-ის სამიზნე Rolls-Royce, Bentley და Maybach იქნება. ამ ბრენდს არ სჭირდება მოგების მოტანა - მისი მთავარი მიზანი სტატუსის დაფიქსირებაა. ახალი V-12 ძრავის გამოყენება კი ამას ნამდვილად უზრუნველყოფს.
