ელექტრომობილების ბატარეების გადამუშავების ინდუსტრია დიდ ნახტომს ამზადებს

Feb 23, 2026

ბატარეების გადამუშავება ავტოწარმოების ყველაზე მიმზიდველი ნაწილი ნამდვილად არ არის, თუმცა ის ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა. მაღალი გარბენის მქონე ძველი ბატარეა შორ მანძილზე სამოგზაუროდ შეიძლება აღარ გამოდგეს, მაგრამ მასში არსებული მასალების ხელახლა გამოყენება და სრულიად ახალი ელემენტების შექმნა სავსებით შესაძლებელია.

მიზეზი, რის გამოც ეს ინდუსტრია ჯერ კიდევ არ არის გიგანტური, მარტივია: ელექტრომობილები შედარებით ახალი ხილია და ბევრი მათგანის სასიცოცხლო ციკლი ჯერ არ ამოწურულა. თუმცა, ძველი ელექტრომობილების დიდი ნაწილი მალე ჩამოიწერება, რაც გადამუშავების პროცესს ისე მომგებიანს გახდის, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ, გადამუშავების შედეგად მიღებულ მინერალებით მდიდარ ნარჩენ მასას ბევრი უკვე „ახალ შავ ოქროსაც“ კი უწოდებს.

ნიშური სექტორიდან მაღალშემოსავლიან ინდუსტრიამდე

Automotive News-ის მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა თანხებზეა საუბარი: ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების დაშლა და გადამუშავება ნიშური სექტორიდან სწრაფად მზარდ ინდუსტრიად იქცევა.

საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Co. პროგნოზირებს, რომ ბატარეების გადამუშავების გლობალური შემოსავლები 2040 წლისთვის წლიურ 70 მილიარდ დოლარს მიაღწევს (შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარი იყო).

ეს ოპტიმისტური მოლოდინი 2030 წლის შემდეგ ჩამოსაწერი ბატარეების მოსალოდნელი ტალღით არის განპირობებული, როდესაც ბოლო წლებში გამოშვებული ელექტრომობილები ექსპლუატაციიდან გამოვა. ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა BMW, Volkswagen და Renault, აქტიურად აფართოებენ პარტნიორობას გადამუშავების მიმართულებით, ხოლო კომპანიები (მაგალითად, R3 Robotics) მანქანების დასაშლელად რობოტებს ნერგავენ, რათა პროცესი კონკურენტუნარიან ფასებში წარიმართოს.

გასაკვირი არ არის, რომ ბატარეების გადამუშავების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი მკაცრი რეგულაციებია. სანამ ძველი ბატარეების ახლად ტრანსფორმირება ისეთივე (ან უფრო) ეკონომიური არ გახდება, როგორც ახალი მასალების მოპოვება და გადამუშავება, ინდუსტრიას მასშტაბების გასაზრდელად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება.

  • ჩინეთი და ევროკავშირი: ორივე რეგიონს მასალების გადამუშავებაზე მკაცრი მოთხოვნები აქვს. ჩინეთში მოქმედებს სავალდებულო წესი ბატარეების უკან დაბრუნებაზე. ევროკავშირის რეგულაცია კი მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ელექტრომობილების ბატარეებში 70% გადამუშავებული ლითიუმი იყოს. ამასთან, ევროპის კრიტიკული ნედლეულის აქტის მიხედვით, მასალების მინიმუმ 25% ევროკავშირის შიგნით უნდა იყოს მოპოვებული და ამავდროულად, გადამუშავებული.

  • აშშ: შეერთებულ შტატებს ფედერალური დონეზე გადამუშავების ვალდებულება ჯერ არ აქვს, თუმცა ცალკეული შტატები უკვე მოქმედებენ. გასულ თვეში, კოლორადოს კანონმდებლებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ავტომწარმოებლებს ელექტრომობილების ბატარეების სათანადოდ გადამუშავებას დაავალდებულებს (კანონი ძალაში 2028 წლიდან შევა).

მომავლის პერსპექტივა: მიწოდების უსაფრთხოების, მოგების მარჟის დაცვისა და წრიული წარმოების პრინციპების ფონზე, ბატარეების გადამამუშავებელ კომპანიებს უახლოეს წლებში უდიდესი აღმასვლა ელით. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ გარემოსდაცვითი კვლევითი ცენტრის (RMI) შარშანდელი კვლევის თანახმად, გადამუშავების ინდუსტრიის სრულად განვითარების შემთხვევაში, 2050 წლის შემდეგ მსოფლიოს ბატარეებისთვის ახალი მინერალების მოპოვება (მაღაროებიდან) საერთოდ აღარ დასჭირდება.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @