
Mercedes-მა სრული პრემიერის წინ ახალი C-Class EV-ის შთამბეჭდავი ინტერიერი გაასაჯაროვა
Apr 18, 2026
Mercedes-Benz ახალი ელექტრო სედანის, C-Class EV-ის სრულ პრემიერას 20 აპრილს გეგმავს. თუმცა, მანამდე გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW i3-ის პირდაპირი კონკურენტის სალონის პირველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც მთავარი აქცენტი ციფრულ ეკრანებსა და უმაღლესი კლასის კომფორტზე კეთდება.
ციფრული ეკრანები და პანორამული სახურავი
Mercedes-ი ინტერიერის დიზაინში უზარმაზარი ეკრანების ტენდენციას აგრძელებს.
ახალ C-Class EV-ში სტანდარტულად ე.წ. Superscreen იქნება წარმოდგენილი, ხოლო ოფციის სახით ხელმისაწვდომი იქნება უფრო რთული კონსტრუქციის მქონე Hyperscreen, სადაც მართვის პანელზე განთავსებული ეკრანები ერთმანეთთან შეუფერხებლად არის დაკავშირებული.
ეკრანებისა და სალონის განათებისთვის 10 სხვადასხვა ფერადი სქემაა ხელმისაწვდომი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს Sky Control პანორამული მინის სახურავი, რომელშიც 162 მცირე ზომის მანათობელი "ვარსკვლავია" ინტეგრირებული.

მასალები და ეკოლოგიურობა
ელექტრო პლატფორმის წყალობით, ახალი მოდელის სალონი ტრადიციულ C-Class-თან შედარებით ბევრად უფრო სივრცული იქნება.
ინტერიერი სამ ძირითად ფერში გადაწყდება: შავი, წიფლისფერი ყავისფერი (Beech Brown) და მაკიატოსფერი კრემისფერი (Macchiato Beige). დეკორატიულ ელემენტებად გამოყენებულია ბუნებრივი ბოჭკოები და არყის ხის ფაქტურა.
GLC-Class EV-ის შემდეგ, ეს არის Mercedes-ის რიგით მეორე მოდელი, რომელიც მომხმარებელს დამოუკიდებელი ორგანიზაციის, Vegan Society-ის მიერ სერტიფიცირებულ სრულად ვეგანურ სალონს შესთავაზებს.
ტრადიციული ფუფუნების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი იქნება Nappa ტყავის სავარძლები ალმასისებრი ("Twisted Diamond") ნაქარგით ან AMG Line ტყავის სავარძლები მოკასინის სტილის ნაკერებით.
ტექნოლოგიები და კომფორტი
აუდიოსისტემა: მოდელი აღჭურვილი იქნება Burmester-ის 3D და 4D სივრცული ხმის სისტემით. 4D სისტემის არჩევის შემთხვევაში, სავარძლებში სპეციალური ვიბრო-მექანიზმებია (Exciters) ინტეგრირებული, რაც მუსიკის ფიზიკურად შეგრძნების საშუალებას იძლევა.
კლიმატკონტროლი: ახალი სითბური ტუმბოს (Heat pump) გამოყენებით, სალონის გათბობა შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად ხდება, რასაც ენერგიის მხოლოდ ნახევარი სჭირდება.
კომფორტი: წინა სავარძლებს მასაჟის, ვენტილაციისა და ელექტრო-პნევმატური წელის მხარდაჭერის ფუნქცია აქვს. აეროდინამიკური დიზაინისა და ხმის იზოლაციის მქონე მინების წყალობით, სალონში იდეალური სიჩუმეა.

Mercedes-ის მტკიცებით, ეს არის "ყველაზე საუკეთესო და სპორტული C-Class-ი" კომპანიის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ C-Class EV გარკვეული დროის განმავლობაში ტრადიციულ, ბენზინზე მომუშავე C-Class-თან ერთად, პარალელურად გაიყიდება.