Xiaomi-ს ახალი თაობის SU7-ზე დადასტურებულმა შეკვეთებმა 40,000-ს გადააჭარბა

Apr 5, 2026

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Xiaomi-ს ახალი თაობის ელექტრო სედანზე (SU7) დადასტურებული (Locked-in) შეკვეთების რაოდენობამ 40,000 ერთეულს გადააჭარბა. მიწოდების ტემპის ზრდის პარალელურად, კომპანია უკიდურესად კონკურენტულ EV ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას განაგრძობს.

უსაფრთხოების დემონსტრირება პირდაპირ ეთერში

გაყიდვების ახალი მიღწევის შესახებ Xiaomi-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეი ძუნმა ხუთშაბათს გამართული პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადა. 3.5-საათიანი ლაივ-სტრიმი მიზნად ისახავდა მომხმარებლებისთვის ახალი მოდელის უსაფრთხოების დემონსტრირებას, რისთვისაც ავტომობილის დაშლის პროცესი პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

ლეი ძუნმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი მოდელის ტექნიკურ დაცვასა და ბატარეის თერმულ უსაფრთხოებაზე. ავტომობილის კონსტრუქციის 90.3% ზემტკიცე ფოლადისა და ალუმინის შენადნობისგან შედგება, რაც მგზავრების უმაღლესი დონის დაცვას უზრუნველყოფს.

რეკორდული მიწოდება და შეკვეთები

განახლებული სედანი ოფიციალურად 19 მარტს წარადგინეს, ხოლო მიწოდება სულ რაღაც ოთხ დღეში, 23 მარტიდან დაიწყო (რა დროისთვისაც შეკვეთები უკვე 30,000-ს შეადგენდა). მიწოდების დაწყებიდან 9 დღეში 7,000-ზე მეტი ავტომობილი გაიცა. მონაცემები ცხადყოფს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში კომპანიამ დამატებით 10,000-მდე ახალი გარანტირებული შეკვეთა მიიღო.

სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად, Xiaomi-მ ახალი მოდელის წარმოების სამზადისი პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

საინტერესოა ახალი მფლობელების სტატისტიკაც:

  • დემოგრაფია: პირველი მფლობელების 34%-ს ქალები შეადგენენ.

  • დანიშნულება: მომხმარებელთა 60-70%-მა მოდელი დამატებითი ან ძველი მანქანის ჩამნაცვლებელი ავტომობილის სახით შეიძინა.

  • ნდობის ფაქტორი: ახალი მყიდველების 70%-ს სხვა ბრენდები ალტერნატივად არც კი განუხილავს და არჩევანი პირდაპირ Xiaomi-ს განახლებულ მოდელზე შეაჩერა.

კომპანიის 2026 წლის ამბიციური მიზანი 550,000 ერთეულის რეალიზაციაა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო SU7 ბაზარზე პირველად 2024 წლის მარტში გამოვიდა - კომპანიამ 2024 წელს 139,471, ხოლო 2025 წელს უკვე 411,837 ავტომობილი მიაწოდა მომხმარებელს.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @