
წარმოება მიწოდებას აჭარბებს: Tesla-ს საწყობებში 50,000-ზე მეტი გაუყიდავი ელექტრომობილია
Apr 5, 2026
ამერიკულ საავტომობილო კომპანია Tesla-ს არსებობის ორი ათწლეულის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა - კომპანიას რეკორდული რაოდენობის, 50,363 გაუყიდავი ავტომობილი დაუგროვდა. მართალია, პირველ კვარტალში გაყიდვები გაიზარდა, თუმცა წარმოების ტემპმა მიწოდების მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა.
წარმოება VS მიწოდება
კომპანიის უახლესი კვარტალური ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ სამ თვეში Tesla-მ 408,386 ავტომობილი აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. თუმცა, ამავე პერიოდში მომხმარებლებისთვის მიწოდებული ავტომობილების რაოდენობამ მხოლოდ 358,023 ერთეული შეადგინა.
ილონ მასკის კომპანია ტრადიციულად კარგად ახერხებდა წარმოებისა და მოთხოვნის დაბალანსებას. ბოლოს მსგავსი დიდი სხვაობა 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც წარმოებამ მიწოდებას 46,500 ერთეულით გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ავტოინდუსტრიის შენელების ფონზე Tesla-ს გაყიდვების ზრდა მაინც დადებითად ფასდება, კომპანიამ Bloomberg-ის ანალიტიკოსების პროგნოზის (372,160 გაყიდული ერთეული) გამართლება ვერ შეძლო.
ბაზრის შენელება და სუბსიდიების გაუქმება
აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარი სერიოზულ გამოწვევებს აწყდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ახალ ელექტრომობილებზე 7,500-დოლარიანი ფედერალური საგადასახადო შეღავათი (Tax credit) გააუქმა. ამის გამო რამდენიმე ავტომწარმოებელმა ელექტრიფიკაციის გეგმები უკვე გადახედა:
Ford-მა F-150 Lightning პიკაპის წარმოება შეწყვიტა.
Honda-მ სამი მომავალი ელექტრო მოდელი გააუქმა.
Stellantis-მა აშშ-სთვის განკუთვნილ პლაგინ-ჰიბრიდებზე უარი თქვა.
Cox Automotive-ის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში 28%-ით ნაკლები ელექტრომობილი გაიყიდა.
ცვლილებები Tesla-ს პორტფელში
ბაზრის გამოწვევებზე საპასუხოდ, Tesla საკუთარ ავტოპარკს ამცირებს. 1 აპრილს, ათწლიანი არსებობის შემდეგ, კომპანიამ Model S-ისა და Model X-ის წარმოება ოფიციალურად შეწყვიტა. შესაბამისად, მთავარ შემოსავლის წყაროდ კვლავ Model 3 და Model Y რჩება. რაც შეეხება Cybertruck-ს, მისი გაყიდვების მაჩვენებელი სხვა მოდელებთან შედარებით მცირეა — იანვრიდან მარტის ჩათვლით მხოლოდ 16,000-მდე ერთეული გადაეცა ახალ მფლობელებს.
მიუხედავად საერთო კრიზისისა, ზოგიერთი ბრენდი სტრატეგიას არ ცვლის: Rivian ახალი ბიუჯეტური R2 მოდელის გამოსაშვებად ემზადება, BMW-ს ბაზარზე ახალი iX3 და i3 შემოჰყავს, ხოლო Volvo წლის ბოლოსთვის ახალი EX60-ის მიწოდების დასაწყებად მზადაა.