
CATL-ის მოგება 2025 წელს 42%-ით გაიზარდა: ელემენტების გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი
Mar 9, 2026
ჩინურმა ელექტრომობილების ელემენტების მწარმოებელმა გიგანტმა, CATL-მა (Contemporary Amperex Technology Co. Limited), 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რეკორდულ მოგებასა და ბაზარზე აბსოლუტურ დომინაციას ადასტურებს. ელემენტებზე მზარდი გლობალური მოთხოვნის ფონზე, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მოლოდინს აჭარბებს.
რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები
წმინდა მოგება: 2025 წელს CATL-ის წმინდა მოგება 42.28%-ით გაიზარდა და 72.2 მილიარდი იუანი (დაახლოებით 10.4 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
შემოსავალი: კომპანიის მთლიანი შემოსავალი 17.04%-ით გაიზარდა და 423.7 მილიარდ იუანს მიაღწია.
აქედან ავტომობილების ელემენტების ბიზნესზე 316.5 მილიარდი იუანი (მთლიანი შემოსავლის 74.70%) მოდის, რაც 25.08%-იანი წლიური ზრდაა.
ენერგიის შესანახი სისტემების (Energy storage) მიმართულებამ კი 62.4 მილიარდი იუანი გამოიმუშავა (ზრდა 8.99%).
ბაზრის უდავო ლიდერი
გასულ წელს კომპანიამ ჯამში 661 გიგავატ-საათის (GWh) მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეები გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 39.16%-ით მეტია.
სამხრეთკორეული კვლევითი ფირმის, SNE Research-ის მონაცემებით, 2025 წელს CATL ელექტრომობილების ბატარეების გლობალური ბაზრის 39.2%-ს აკონტროლებდა. ის მსოფლიოში ერთადერთი მიმწოდებელია, რომლის საბაზრო წილიც 30%-ს აღემატება. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიას გლობალურად 24 ქარხანა და 6 მთავარი კვლევითი (R&D) ცენტრი ჰქონდა.
გეგმები და დივიდენდები
ძლიერი ფინანსური წლის აღსანიშნავად, CATL-მა ინვესტორებისთვის გულუხვი ნაბიჯი გადადგა: ყოველ 10 აქციაზე მფლობელები 69.57 იუანის ქეშ-დივიდენდს მიიღებენ, რაზეც კომპანიის წმინდა მოგების 50% დაიხარჯება. თუმცა, ხელმძღვანელობა აფრთხილებს ინვესტორებს, რომ სამომავლო კაპიტალური დანახარჯების გაურკვევლობის გამო, ეს პროპორცია ყოველწლიურად გარანტირებულად ვერ შენარჩუნდება.
გარდა ამისა, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, კომპანია ვალის სტრუქტურის ოპტიმიზაციას და 40 მილიარდ იუანამდე ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.