რა მდგომარეობაა საქართველოს EV ინდუსტრიაში

Oct 18, 2024

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 1.6 მილიონზე მეტი ავტომობილი ირიცხება, რომელთა უდიდესი ნაწილი შიდა წვის ძრავით არის აღჭურვილი, ანუ ბენზინზე და დიზელზე მუშაობს. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მცირე ნაწილი არის ელექტრომობილი, მაგრამ ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. აქართველოში 6,000-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, მაგრამ ბოლო თვეებში, ეს რიცხვი კიდევ იზრდება.

ქვეყანაში არსებული ელექტრომობილების რაოდენობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი ქვეყნის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან ელექტრომობილებს, უფრო მეტად, როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებში ყიდულობენ. სულ მცირე ასე იყო იმ დრომდე, სანამ ჩინური კომპანიები ძალიან იაფი ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებდნენ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში ელექტრომანქანების არსებობაზე მოქმედებს შედარებით რბილი საგადასახადო პოლიტიკა და დამატებითი სარგებელია - ამ მხრივ, საქართველოში ვითარება საკმაოდ გამართულია, ხოლო კანონმდებლობა, ლიბერალური.

ის ელექტროდამტენები, რომლებიც ქვეყანაში დღეს არსებობს, წლების განმავლობაში რამდენიმე სუბიექტის მიერ არის დამონტაჟებული. აქ იგულისხმება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები და მათ შორის დიდი ნაწილი ერთ ქართულ კომპანია e-space-ზე მოდის, რომელმაც დაფუძნების დღიდან 250-მდე დამტენი დაამონტაჟა. როგორც e-space-ის გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ TECH INFORM-ში განაცხადა, დღეს, საქართველოში 400-მდე ელექტროდამტენია დამონტაჟებული, რომელთა უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის.

“ჯამში, საქართველოში 400 დამტენი არის დამონტაჟებული - ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, როგორც კერძოდ, ასევე საჯაროდ დამონტაჟებულ დამტენებს. ძირითადი აქცენტი მაინც თბილისზე კეთდება, რადგან ელექტრომობილები, უმეტესწილად, სწორედ თბილისში არის კონცენტრირებული. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წასვლა ელექტრომობილის მფლობელს თავისუფლად შეუძლია - ამ გზაზე დაახლოებით 15 დამტენი არის დამონტაჟებული, ანუ რიგში დგომაც აღარ გიწევს.

ელექტროდამტენი არის, როგორც თბილისის გასასვლელში, თანაც ორივე მხარეს, ასევე ავტობანზე მდებარე ძირითად გაჩერების ადგილებზე. ზოგიერთ ადგილას ერთი, ორი ან სამი სწრაფი ელექტროდამტენი არის დამონტაჟებული, მაგრამ, რასაკვირველია, ნელი დამტენებიც არის, რადგან ზოგიერთ ავტომობილს სწრაფი დამუხტვის ფუნქციონალი არ აქვს”, - განაცხადა დავით იოსავამ TECH INFORM-ში.

ადამიანი, რომელიც ელექტრომობილს ყიდულობს, როგორც წესი, საკუთარ სახლთან ან სახლში ელექტრობატარეის დამონტაჟებაზე ფიქრობს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ასეთ ადამიანს უჩნდება - ამ სერვისის ფასს უკავშირდება. როგორც დავით იოსავა აღნიშნავს, დამტენის ფასი მის სიმძლავრეზე არის დამოკიდებული, მაგრამ საშუალო სიმძლავრის დამტენის ღირებულება, როგორც წესი, რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

“წელს, ელექტრომობილებში რაოდენობით Tesla ლიდერობს, მაგრამ ამ დრომდე, პირველ ადგილს სულ Nissan Leaf-ი იკავებდა. დამტენი, რომელიც ამერიკულ ავტომობილებს სჭირდება დაახლოებით 11 კილოვატის შუალედში მერყეობს, რადგან ის სხვა სტანდარტს ეფუძნება და ევროპულ სტანდარტთან პირდაპირ თავსებადი არ არის. 7-კილოვატიანი დამტენების დამონტაჟება დაახლოებით 3,500 ლარი ჯდება, მაგრამ ის 22-კილოვატიანი დამტენი, რომლითაც, მაგალითად Porsche Taycan-ი იმუხტება, 6,000 ლარამდე ჯდება, მაგრამ ამ თანხაში სხვა არამნიშვნელოვანი ხარჯი არ შედის”, - განაცხადა დავით იოსავამ TECH INFORM-ში.

ელექტრომობილის ფლობის დროს, ადამიანი სამ ძირითად ხარჯს აწყდება, ესენია - ელექტრომობილის, ელექტროდამტენისა და ელექტროენერგიის ღირებულება. ელექტრომობილის ფასი, ცხადია, ძალიან მერყევია - ბაზარზე არსებობს, როგორც $10,000-იანი, ისე რამდენიმე მილიონად შეფასებული ავტომობილები.

ელექტროდამტენის დამონტაჟების ფასი რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ისმის კითხვა - თუ რა ჯდება ელექტრომობილის დამუხტვა. როგორც დავით იოსავა განმარტავს, ელექტრომობილის სრული დამუხტვა დაახლოებით 6-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ბენზინის ავზის გავსება.

“მთავარი კითხვაა, თუ რამდენკილოვატიანი ბატარეა აქვს ავტომობილს. ერთი კილოვატის საშუალო ფასი დაახლოებით 20 თეთრს შეადგენს, ანუ თუ 100-კილოვატიანი Tesla-ს დამუხტვა დაახლოებით 20 ლარი დაგიჯდებათ. ახლა კი, ეს მაჩვენებელი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილს შევადაროთ - თუ 100-კილოვატიანი Tesla 500 კილომეტრს გადის, იმავე მანძილის გასავლელად ავტომობილს დაახლოებით 50 ლიტრი საწვავი სჭირდება. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრომობილებს ცვეთადი ნაწილების შეცვლა არ სჭირდება”.

ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა. თუ 2022 წელს 981 ელექტრომობილი შემოვიდა, გასულ წელს ქვეყანაში 1,914 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, ანუ ერთი წლის ჭრილში ზრდა 95%-ია. 2024 წლის სტატისტიკით, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია და ის მუდმივად იზრდება.

წყარო: bm.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @