
სრულად ელექტრო Porsche Macan-ის პრეზენტაცია
Nov 6, 2024
გერმანული პრემიუმ კლასის პირველი ელექტრო SUV „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო.
სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია.
ახალი Macan-ი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan-ი Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა.
Porsche Macan Turbo – ტექნიკური მახასიათებლები
ახალი ელექტრო Macan-ის სიმძლავრე 639 ცხენის ძალამდეა. DC-დამუხტვის სიმძლავრე კი – 270 კილოვატამდე. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. სრული დატენის შემთხვევაში, ელექტრომობილს 613 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს WLTP-ის მიხედვით.
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. Porsche-ს ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეაა, რომელიც გერმანული ბრენდის სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა Macan-მა მიიღო.
Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი „მაკანი“ ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.
ამასთან ერთად, ელექტრიფიკაციის შემდეგ Macan-ი უფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა.
ინტერიერში კი Porsche-სთვის დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ასევე განთავსებულია ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული. ასევე ახალმა Macan-მა მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო – მაქსიმუმ 3 ეკრანით.





წყარო: Forbes.ge