
ეკორდული მაჩვენებელი ჩინეთში – გლობალური ელექტრომობილების გაყიდვებმა 2025 წელს უკვე 7.2 მილიონს გადააჭარბა
Jun 13, 2025
მაისში გლობალური ელექტრომობილების ბაზარმა მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა – გაყიდვებმა 1.6 მილიონ ერთეულს მიაღწია, წლის ჯამური მაჩვენებელი კი 7.2 მილიონი გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები კვლევითმა კომპანია Rho Motion-მა გამოაქვეყნა.
ჩინეთი ლიდერობს
ყველაზე დიდი ნახტომი ჩინეთმა გააკეთა – მხოლოდ მაისში ქვეყანამ 1 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს 33%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 10%-ით აღემატება აპრილის შედეგს. ჩინეთის შედეგები მკვეთრად სცდება ჩრდილოეთ ამერიკისას, სადაც ზრდა მინიმალურია.
ევროპის პოზიცია მყარია – სამხრეთ ევროპა წინ მიიწევს
იანვრიდან მაისამდე ევროპაში გაყიდვებმა 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 27%-იანი ზრდაა. გერმანია (+45%) და დიდი ბრიტანეთი (+32%) კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა განსაკუთრებით დიდ წინსვლას სამხრეთ ევროპის ქვეყნები აჩვენებენ – ესპანეთში ზრდა 72%-ს შეადგენს, ხოლო იტალიაში – 58%-ს.
გერმანიამ ახლახან წამოიწყო ახალი სტიმულირების პროგრამა კომერციული ფლოტებისთვის, რაც დამატებით მოლოდინს აჩენს, რომ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩრდილოეთ ამერიკა ჩამორჩენილია
აშშ, კანადა და მექსიკა მხოლოდ 3%-იან ზრდას აჩვენებენ. განსაკუთრებით ძლიერი ვარდნა დაფიქსირდა კანადაში – EV სუბსიდიების დროებით შეწყვეტამ გაყიდვები 20%-ით შეამცირა. აშშ-ი მცირედით უმჯობესდება (4%-იანი ზრდა), რაც ფედერალურ საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება, თუმცა ისინი 2026 წლიდან ეტაპობრივად გაუქმდება.
გლობალური შედეგები – იანვრიდან მაისამდე:
გლობალურად: 7.2 მილიონი (+28%)
ჩინეთი: 4.4 მილიონი (+33%)
ევროპა: 1.6 მილიონი (+27%)
ჩრდილოეთ ამერიკა: 0.7 მილიონი (+3%)
დანარჩენი მსოფლიო: 0.6 მილიონი (+36%)
მართალია, რეგიონებს შორის განსხვავებები შესამჩნევია, მაგრამ საერთო სურათი იმაზე მეტყველებს, რომ EV ბაზარი მზარდია და ელექტრომობილების წილი მთლიან ავტომობილის ბაზარზე ყოველდღიურად მატულობს.