
ალმოდებული Tesla-ს ჩასაქრობად 189,000-ზე მეტი ლიტრი წყალი დახარჯეს
Sep 30, 2024
კალიფორნიაში, ერთ-ერთ ავტობანზე Tesla-ს ელექტროტრაილერი, Tesla Semi-მ ავტოკატასტროფა განიცადა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზა 16 საათით იყო გადაკეტილი. გზის გაწმენდას, როგორც წესი, ამდენი დრო არ სჭირდება, მაგრამ ელექტრომობილების შემთხვევაში, საქმე განსხვავებულადაა, რადგან ელექტობატარეები რამდენიმე საათის და ზოგჯერ, დღეების განმავლობაში იწვის. როგორც ცნობილი გახდა, Tesla Semi-ის ელექტრობატარეების ჩასაქრობად მეხანძრეებმა 189,000-ზე მეტი ლიტრი წყალი გამოიყენეს.
რატომ ეკიდება ცეცხლი ლითიუმ-იონურ ბატარეას და რატომ არ ქრება ცეცხლი საათების განმავლობაში?
ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს და გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრობატარეა ლითიუმისაა, ის დიდი ხნის განმავლობაში იწვის. თავად თერმული გადახურება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ზედმეტი დამუხტვის, ბატარეის შიგნით არსებული დისბალანსით, მოკლე ჩართვით და ბატარეის ფიზიკური დაზიანებით.
აქვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკურად, ელექტრომობილები უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი აალებისკენ, ვიდრე შიდა წვის და ჰიბრიდული ავტომობილები. ელექტრომობილების აალების შემთხვევები: EV = 100,000-დან 25; ბენზინი = 100,000-დან 1,530; ჰიბრიდი = 100,000-დან 3,475. თუმცა შიდა წვის ძრავის და ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, ცეცხლის ჩაქრობა გაცილებით მარტივია, ამიტომაცაა, რომ ელექტრომობილების აალების შემთხვევები, როგორც წესი, ადამიანებს მეტად ამახსოვრდებათ.
წყარო: bm.ge
რედაქტორის კომენტარი: აქვე, იხილეთ ინფორმაცია, რომელ ბატარეას არ უჩნდება ცეცხლი: https://www.youtube.com/watch?v=CGQwqWqzkNA