
Aug 6, 2024
სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომზე Mercedes-Benz EQE ელექტრომობილი აალდა, რამაც ხანძრის გავრცელება გამოიწვია. შედეგად დაშავდა 21 ადამიანი და დაზიანდა 70 ავტომობილი.
მომხდარი დააფიქსირა უსაფრთხოების კამერებმა. ვიდეოზე ჩანს, რომ გაჩერებული და არა დამუხტვის პროცესში მყოფი ავტომობილის ბატარეის არეალიდან კვამლი გამოვიდა. რამდენიმე წამში იგი ალში გაეხვა და ცეცხლი ახლომდებარე მანქანებზე გავრცელდა.
ინჩეონის სახანძრო დეპარტამენტმა გაგზავნა 177 მეხანძრე და 80 ერთეული ტექნიკა ხანძრის ჩასაქრობად, რასაც რვა საათი დასჭირდა.
"ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ დეტალებს ზუსტ მოდელსა და ბატარეებზე. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სახანძრო სამსახურთან მომხდარის გამოსაძიებლად." - განაცხადა Mercedes-Benz-ის წარმომადგენელმა.
პოლიცია და სახანძრო დეპარტამენტი იძიებენ ხანძრის მიზეზს. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ავტომობილი შესაძლოა ხანძრამდე ავარიაში მოხვდა, რამაც შეიძლება დააზიანა ბატარეა და გამოიწვია მისი გადახურება. EQE სედანს აქვს ლითიუმ-იონის ბატარეა 90.6 კვტ/სთ ტევადობით.