
Jeep-ისა და Peugeot-ს მფლობელი Stellantis საკუთარ ავტომობილებში ჩინური ელექტროტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს
Mar 4, 2026
გლობალურ ავტოინდუსტრიაში ტენდენციები რადიკალურად იცვლება. საერთაშორისო საავტომობილო კონგლომერატი Stellantis, რომელიც 14 ბრენდს (მათ შორის Jeep, Peugeot, Fiat, Opel და Ram) აერთიანებს, ევროპულ ბაზარზე განკუთვნილ მასობრივი წარმოების მოდელებში ჩინური კომპანია Leapmotor-ის ტექნოლოგიების დანერგვას განიხილავს.
Bloomberg-ის ცნობით, საუბარია Leapmotor-ის უახლესი ბატარეებისა და ძრავების სისტემების გამოყენებაზე. Stellantis-სა და ჩინურ ავტომწარმოებელს შორის მჭიდრო კავშირი უკვე არსებობს: 2023 წელს კონგლომერატმა Leapmotor-ში 1.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა (აქციების 20%) და ამჟამად საკუთარი სადილერო ქსელის მეშვეობით ევროპაში მის ელექტრომობილებს (T03 და C10 მოდელებს) ყიდის. პარტნიორობის გაღრმავება კი გულისხმობს, რომ ევროპული ბრენდების მომავალი ელექტრომობილები სწორედ ჩინურ ტექნოლოგიურ ბაზაზე აეწყობა.
ეს სტრატეგიული ნაბიჯი Stellantis-ის ფინანსურ კრიზისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში პოლიტიკური კურსის შეცვლას ემთხვევა. ამ კვირაში კომპანიამ განაცხადა, რომ გასული წლის მეორე ნახევარში 23.8 მილიარდი დოლარის სარეკორდო წმინდა ზარალი განიცადა. აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკის ფონზე, რომელიც ბენზინის ძრავებს ანიჭებს უპირატესობას, კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების სტრატეგია მკვეთრად შეცვალა — შეაჩერა ფლაგ-ინ (Plug-in) ჰიბრიდების წარმოება (მათ შორის Jeep Wrangler 4xe), შეცვალა სრულად ელექტრო Ram 1500 REV-ის გეგმები და ბაზარზე ტრადიციული Hemi V8 ძრავები დააბრუნა.
ექსპერტების შეფასებით, თუ ათწლეულების განმავლობაში დასავლური კომპანიები ჩინეთში შიგაწვის ძრავების ტექნოლოგიებს ნერგავდნენ, ახლა როლები შეიცვალა და ისინი ჩინურ ელექტროინოვაციებზე არიან დამოკიდებულნი. Stellantis ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის: Volkswagen ჩინეთში Xpeng-თან თანამშრომლობს, ხოლო Ford თავისი მომავალი პიკაპისთვის ჩინური CATL-ის ბატარეების ტექნოლოგიას იყენებს.