
ელექტრომობილებიდან მდიდრულ იახტებამდე: ნახეთ, როგორ აფართოებს ჩინური გიგანტი თავის იმპერიას
Jun 10, 2026
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Xpeng თავის ბიზნესსაზღვრებს სცდება და სმარტ-ავტომობილებისა და მფრინავი მანქანების შემდეგ, გიგანტურ საზღვაო ინდუსტრიაში შედის. ადგილობრივი მედიის (Leiphone) ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩამოაყალიბა 100-მდე ადამიანისგან შემდგარი საიდუმლო კვლევითი ჯგუფი, რომელიც იახტების მიმართულებით მუშაობს.
საიდუმლო პროექტი - "Flying Fish"
Xpeng-ის იახტის პროექტი შიდა კოდური სახელწოდებით "Flying Fish" (მფრინავი თევზი) არის ცნობილი და მას კომპანიის ავტო-არქიტექტურის ხელმძღვანელი, ციან ჟანვეი უძღვება.
ტექნოლოგიური ფოკუსი: პროექტი ჯერჯერობით კვლევისა და განვითარების (R&D) ადრეულ ეტაპზეა. მისი მთავარი ტექნოლოგიური კოზირი და კონკურენტული უპირატესობა საავტომობილო სავალი ნაწილის მოწინავე ალგორითმების (advanced chassis algorithm) საზღვაო ტრანსპორტში ინტეგრირება იქნება.
სამიზნე აუდიტორია: Xpeng-ის მდიდრული იახტები განკუთვნილი იქნება მაღალშემოსავლიანი (High-net-worth) ოჯახებისთვის.
აღსანიშნავია, რომ იახტების წარმოება უცხო არ არის ტრადიციული ლუქს-ბრენდებისთვის: Mercedes-AMG-ს, Lamborghini-სა და Porsche-ს უკვე აქვთ საკუთარი მაღალი კლასის კატარღები. ავტომწარმოებლებს აქვთ დიდი უპირატესობა ტექნოლოგიების, დიზაინის, ბრენდინგისა და მიწოდების ჯაჭვის მხრივ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ელექტრონული ინტელექტი და მდიდრული სალონები ზღვაზეც გადაიტანონ.
ახალი ჩინური ტრენდი და მილიარდების ინვესტიციები
Xpeng-ი არ არის ერთადერთი ჩინური ტექ-გიგანტი, რომელიც ზღვას უმიზნებს. მიმდინარე წლის თებერვალში, JD.com-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ლიუმ, 5 მილიარდი იუანის ($740 მილიონი) ინვესტიცია ჩადო დამოუკიდებელ იახტ-ბრენდ Sea Expandary-ში, რათა უცხოური კომპანიების მონოპოლია დაარღვიოს. ლიუმ ამბიციური გეგმაც გააჟღერა - მას სურს შექმნას 100,000 იუანამდე (დაახლოებით $15,000) ღირებულების სმარტ-იახტები, რათა ეს ტრანსპორტი ჩინურ ოჯახებში ისეთივე ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ჩვეულებრივი მანქანა.
ჩინეთის იახტების ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება (ბოლო 3 წლის განმავლობაში ახალი რეგისტრაციების წილმა 54.7% შეადგინა), თუმცა გლობალურ წარმოებაში ჩინეთს ამჟამად მხოლოდ 4%-იანი წილი უკავია, რაც განვითარების დიდ პოტენციალზე მიუთითებს.
Xpeng-ის ეკოსისტემა: მიწა, ცა და ზღვა
იახტის პროექტის გამოჩენა სრულად აგვირგვინებს Xpeng-ის მომავლის მობილობის ამბიციურ ხედვას. შეგახსენებთ, რომ კომპანიის მფრინავი მანქანების ქვე-ბრენდმა, Aridge-მა, მიმდინარე წლის მარტში მორიგი მსხვილი, $200 მილიონიანი საინვესტიციო რაუნდი დახურა და ახლა ჰონგ-კონგის ბირჟაზე IPO-სთვის (აქციების საჯარო განთავსებისთვის) ემზადება. კომპანიის გიგანტური ქარხანა გუანჯოუში შარშან დასრულდა და მათი ინოვაციური მფრინავი მანქანა Land Aircraft Carrier, სავარაუდოდ, 2 მილიონ იუანზე ნაკლები ეღირება.