ელექტრომობილები ექსტრემალურ ყინვაში: როგორ გაიარა 24-მა მოდელმა ნორვეგიის -32°C-იანი ტესტირება

Mar 5, 2026

ნორვეგიის ქალაქ ფოლდალში (Folldal) ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი საავტომობილო ტესტირება - ზამთრის "El Prix 2026" გაიმართა. ექსტრემალურ კლიმატური პირობებში, სადაც ტემპერატურა -32°C-მდე დაეცა, ბაზარზე არსებული 24 სხვადასხვა უახლესი ელექტრომობილი (EV) გამოიცადეს.

ტესტირების მთავარი მიზანი იყო დაედგინათ, თუ რომელი მოდელები უმკლავდებიან მკაცრ ზამთარს ყველაზე ეფექტურად და ვისზე მოქმედებს ყინვა ყველაზე ნაკლებად.

სვლის მარაგის კლება: რეალობა მოლოდინების წინააღმდეგ

ნორვეგიის საავტომობილო ფედერაციისა (NAF) და გამოცემა Motor-ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ექსტრემალურ ყინვაში სვლის მარაგის შემცირება გარდაუვალია. ოფიციალურ (WLTP) მაჩვენებლებთან შედარებით, ელექტრომობილებმა საშუალოდ სვლის მარაგის 38% დაკარგეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგიური ხარვეზი არ არის - ძლიერ ყინვაში ბატარეის ელექტროლიტი სქელდება, შიდა წინააღმდეგობა იზრდება, ხოლო სალონის გათბობა დამატებით, დიდ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, მიუხედავად მკვეთრი დანაკარგისა, ავტომობილებმა სალონში სითბო შეინარჩუნეს და მძღოლებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ შექმნიათ.

ტესტირების ლიდერები და აუტსაიდერები

"El Prix 2026"-მა საინტერესო სურათი აჩვენა როგორც რეალურად გავლილი მანძილის, ისე ოფიციალურ მონაცემებთან პროცენტული გადახრის კუთხით:

  • ყველაზე შორს წასული: აბსოლუტური გამარჯვებული Lucid Air Grand Touring გახდა, რომელმაც ერთ დატენვაზე 520 კილომეტრის გავლა შეძლო (თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ოფიციალური WLTP მონაცემი 960 კმ-ია, ანუ დანაკარგმა 46% შეადგინა). მეორე ადგილზე Mercedes-Benz CLA გავიდა რეალურად გავლილი 421 კილომეტრით.

  • ყველაზე მცირე დანაკარგი: მოდელები, რომლებმაც ქარხნულ მონაცემებთან შედარებით პროცენტულად ყველაზე მცირე დანაკარგი აჩვენეს, Hyundai Inster და MG S6 EV იყვნენ (მათ სვლის მარაგის მხოლოდ 28.9% დაკარგეს).

  • ყველაზე მოკლე მანძილი: აბსოლუტური მაჩვენებლით ყველაზე დაბალი შედეგი Suzuki e-Vitara-ს ჰქონდა, რომელმაც ექსტრემალურ ყინვაში მხოლოდ 224 კილომეტრის გავლა მოახერხა.

დატენვის დრო მოლოდინებზე უკეთესია

სვლის მარაგის შემცირების მიუხედავად, დატენვის პროცესმა სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა. აღმოჩნდა, რომ ბატარეის წინასწარი კონდიცირების (Preconditioning) სისტემების გამოყენებისას, ავტომობილების უმეტესობამ 10-დან 80%-მდე დატენვის დროის იმ ოფიციალურ, დეკლარირებულ მაჩვენებლებთან მიახლოებული შედეგები აჩვენა, რომელსაც მწარმოებლები სტანდარტული, ლაბორატორიული პირობებისთვის უთითებენ.

რას ამბობენ ექსპერტები?

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გენერალურმა მდივანმა საავტომობილო მობილობისა და მდგრადობის საკითხებში, ვილემ გრენევალდმა ტესტის გლობალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"მობილობის მომავალი მუდმივად იცვლება. მომხმარებლებისთვის ახალ ტექნოლოგიებზე - მათ შორის ელექტრომობილების გაუმჯობესებულ მახასიათებლებზე - აუცილებელი და ზუსტი მონაცემების მიწოდება საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის სწორი არჩევანის გაკეთების მთავარი წინაპირობაა. ეს ასევე ადასტურებს მწარმოებლების უნარს, წინ წაიწიონ ინოვაციებში მომხმარებელთა სასიკეთოდ."

NAF-ის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მსგავსი ტესტებით მიღებული რეალური, პრაქტიკული მონაცემები ფასდაუდებელია მძღოლებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი ზამთარი იცის.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @