
კანადა ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იან ტარიფს აწესებს
Sep 13, 2024
კანადამ გამოაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე (EV) 100%-იან ტარიფს დააწესებს, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ გატარებულ მსგავს ზომებს მოჰყვა. ელექტრომობილებზე ტარიფების გარდა, კანადა ოქტომბერში ჩინური ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იან გადასახადს დააწესებს.
კანადის მთავრობა და მისი დასავლელი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ EV ინდუსტრიის უსამართლოდ სუბსიდირებაში, რაც ჩინელ მწარმოებლებს გლობალურ ბაზარზე უპირატესობას აძლევს.
„ჩვენ ვქმნით კანადის საავტომობილო სექტორს, რომ გახდეს გლობალური ლიდერი მომავლის ავტომობილების მშენებლობაში, მაგრამ ისეთი მოთამაშეები, როგორიც ჩინეთია, გლობალურ ბაზარზე უსამართლო უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.“ - განაცხადა კანასიდ პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.
ჩინეთმა დაგმო ტარიფები და მათ „სავაჭრო პროტექციონიზმი“ უწოდა. მათივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს წარმომადგენელმა მოუწოდა კანადას, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები სერიოზულად არღვევს გლობალურ ეკონომიკურ სისტემას და სავაჭრო წესებს.
ახალი ტარიფები შეეხება ჩინურ ელექტრომობილებს, მათ შორის Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოებულ მანქანებს. ჩინეთში ავტომობილების ინდუსტრიის ექსპერტმა მარკ რეინფორდმა აღნიშნა, რომ Tesla შესაძლოა კანადის მთავრობისგან გამონაკლისი მოითხოვოს და, თუ ეს არ გამოუვა, იმპორტი აშშ-ს ან ევროპის ქარხნებიდან გადაამისამართოს.