
ბრიტანული ინოვაცია: ელექტრომობილების ბაზარზე ახალი მოთამაშე, Longbow Motors გამოჩნდა
Nov 4, 2025
მსოფლიოს ელექტრომობილების ბაზარზე გამოჩნდა ახალი მოთამაშე Longbow Motors, სტარტაპი, რომელიც დააფუძნეს Tesla-სა და Lucid-ის ყოფილი ინჟინრებმა. მათი მიზანია, დაუბრუნონ სპორტქარებს კლასიკური ფორმა, მსუბუქი წონა და სუფთა მართვის ემოცია, მაგრამ ელექტრულ ფორმატში.
Longbow-ს პირველი მოდელი, Speedster, არის ორადგილიანი, უკანაამძრავიანი ელექტროსპორტქარი, რომელიც სულ 895 კგ-ს იწონის. მანქანა 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში ავითარებს და WLTP ციკლით 442 კილომეტრამდე გარბენს გვპირდება.

მწარმოებელი არ ამხელს ბატარეის ზუსტ მოცულობას, თუმცა ამბობს, რომ ეფექტურობის საიდუმლო სწორედ სუპერმსუბუქ კონსტრუქციაშია, რაც საშუალებას იძლევა პატარა ბატარეამ დიდი დიაპაზონი უზრუნველყოს.
Speedster-ის დიზაინი აშკარად შთაგონებულია Ferrari Monza SP2-ით - გამოკვეთილი კონტურები, დაბალი პროფილი და სრულიად მოშორებული საქარე მინა, რაც მოითხოვს მძღოლმა მართვისას სპეციალური ჩაფხუტი ატაროს.

ბრიტანული სპორტქარის იდეა - მინიმალური წონა, მაქსიმალური სიამოვნება - თითქმის გამქრალი იყო 1970-იანი წლების შემდეგ. მხოლოდ Lotus ინარჩუნებდა ამ მიმართულებას, თუმცა Longbow პირველად სთავაზობს ამ ფილოსოფიას სრულად ელექტრულ ფორმატში.
Speedster-ის შემდეგ გამოვა Roadster - იგივე პლატფორმაზე აგებული დახურული ვერსია, რომელიც ოდნავ იაფი და უფრო პრაქტიკული იქნება.
Longbow Speedster და Roadster პირველ ეტაპზე გაიყიდება ბრიტანეთსა და ევროპაში. ორივე ხელნაკეთი იქნება და მომხმარებლებს არჩევა ექნებათ მარცხენა ან მარჯვენამხრივი საჭით.
კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ პირველი 150 ერთეული სრულად არის გაყიდული, ხოლო მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება.

Speedster-ის ფასი ოფიციალურად არ ხმარდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელი მაღალი კლასის ნიშურ სეგმენტში იქნება განთავსებული - დაახლოებით იმავე კატეგორიაში, სადაც დღეს Alpine და Lotus მოქმედებენ.