
ევროკავშირი და ამერიკა ჩინურ ელექტრომობილებს კონკურენციას ფიზიკურად ვერ გაუწევენ - ინტერვიუ ბექა ბაციკაძესთან
Feb 28, 2025
Evnews.ge აგრძელებს ინტერვიუების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრომობილების ცნობადობის გაზრდას საქართველოში და ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშეწყობას. ამჯერად, ჩვენს კითხვებს პასუხობს ბექა ბაციკაძე, BMG-ის წამყვანი და ავტორი, რომელიც კარგად იცნობს ელექტრომობილების ბაზარსა და მის დინამიკას.
ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარება
ბოლო წლებში ელექტრომობილების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიური და გაყიდვების მიმართულებით. 2025 წლის მონაცემებით, ბაზარზე კარგი ზრდა შეინიშნება, რაც, სავარაუდოდ, ასევე გაგრძელდება.
2023 წლამდე ევროკავშირი გეგმავდა 2030 წლისთვის სრულად გადართულიყო ელექტრომობილებზე, თუმცა ეს ვადა 2035 წლამდე გადაიწია. ამ მიზნის შესრულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა აშკარაა, რომ ინდუსტრია სწრაფად ვითარდება როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე ჩინეთში.
სწორედ ჩინეთის დამსახურებაა, რომ ტექნოლოგია მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება და უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ჩინეთის ელექტრომობილების ინდუსტრია
თავდაპირველად ჩინეთი კოპირებული ტექნოლოგიებით აწყობდა მანქანებს, თუმცა დღეს თავად ქმნის ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ელექტრომობილებს. ბევრი ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტი ჩინურ ავტომწარმოებელთა რიგებში გადავიდა, რაც დიზაინისა და ინჟინერიის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩინელ მწარმოებლებს სერიოზული პრობლემები არ აქვთ – ბევრი ინოვაცია, მათ შორის Tesla-სთვის შექმნილი ტექნოლოგიები, სწორედ ჩინეთიდან მოდის.
უსაფრთხოების კუთხითაც ჩინური ელექტრომობილები აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს გლობალურ ბაზარზე.
ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ ტარიფები დააწესეს, რადგან ისინი ფიზიკურად ვერ გაუწევენ კონკურენციას ჩინურ ელექტრომობილებს, რადგან ჩინეთში სუბსიდირებული წარმოებაა. აქედან გამომდინარე, კარგი ტემპი აქვს ჩინეთს აღებული და მიუხედავად ტარიფებისა, საკმაოდ კონკურენტული და მაღალხარისხიანი ავტომობილებიც იქმნება ჩინეთში.
გლობალური ბაზრის სამომავლო კონკურენცია
სამომავლოდ, გლობალურ ბაზარზე კონკურენცია სამ მთავარ მიმართულებაში გაიშლება:
შიდაწვის ძრავიანი მანქანები
ჰიბრიდები
ელექტრომობილები
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ავტომობილების გაიაფების შემდეგ, ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ტრადიციული შიდაწვის ძრავის მქონე მანქანებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოს ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვყვებით ელექტრომობილების წარმოების გლობალურ ტენდენციას.
ინფრასტრუქტურა კვლავ მთავარი გამოწვევაა - ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი დამტენების ქსელი, რაც ელექტრომობილების ყოველდღიურ მოხმარებას ართულებს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობებსა და კერძო კომპანიებს გარკვეული ინიციატივები აქვთ, ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი ბაზრის სრულყოფილი განვითარებისთვის.
მეორადი ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში უკვე აქტიურია. ბევრმა ავტომობილმა დროით მოძველება დაიწყო, რაც ახალი მოდელების შემოსვლის აუცილებლობას ქმნის.
ცნობიერებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები
ცნობიერების ნაკლებობა კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ელექტრომობილების ბაზარზე.
როდესაც ადამიანი ინტერესდება ელექტრომობილით, პირველ რიგში ხვდება ინფრასტრუქტურის პრობლემას.
ბევრს აშინებს ის ფაქტი, რომ მანქანას სახლში ტენის, რიგში უწევს დგომა ან დამტენების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ნეგატიური გამოცდილების გამო, ბევრი ადამიანი საბოლოოდ შიდაწვის ძრავის მქონე მანქანას ირჩევს.
ფასისა და კონკურენტუნარიანობის ფაქტორი
ფასის მხრივ, საქართველოშიც ელექტრომობილები კონკურენტუნარიანია. განსაკუთრებით, თუ საუბარი ჩინურ მწარმოებლებზეა, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე დაბალი ფასით და მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.
საბოლოოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ცნობიერების ამაღლებაც აუცილებელია, რათა ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს.