
Ford ევროპას CO₂ წესების შემსუბუქებას სთხოვს
Dec 12, 2025
Ford-მა ევროკავშირის რეგულატორებს მოუწოდა, გადახედონ მკაცრ CO₂ მოთხოვნებს, რადგან ელექტრომობილებზე მოთხოვნა და ბაზრის ტემპი ვერ ეწევა იმ დონეს, რასაც წესები უკვე დღეს ითხოვს.
კომპანიის თქმით, პრობლემა მხოლოდ „მომხმარებლის სურვილი“ არ არის - მთავარი ბარიერები რჩება:
დამტენების არასაკმარისი ქსელი
სუსტი/არათანაბარი სტიმულები ქვეყნებს შორის
და ის, რომ ბიზნესისთვის გადასვლა ძვირი და რთულია
Ford-ის 3-პუნქტიანი გეგმა
Ford აცხადებს, რომ რეგულაციები უნდა დაუახლოვდეს ბაზრის რეალურ მდგომარეობას და სთავაზობს:
CO₂ გზამკვლევის რეალისტურად „გაწერას“ - ანუ მიზნების ტემპი უნდა ეყრდნობოდეს რეალურ გაშვებებს და არა მხოლოდ გეგმას.
10-წლიანი პროგნოზირებადი ჩარჩო - რათა მწარმოებლებს და ინვესტორებს ჰქონდეთ სტაბილურობა და წინასწარ დაგეგმვა შეძლონ.
ჰიბრიდების დატოვება 2035-ის შემდეგაც - როგორც გარდამავალი, უფრო ხელმისაწვდომი არჩევანი მათთვის, ვინც სრულ ელექტროზე ერთიანად ვერ გადადის.
“ინფრასტრუქტურის გარეშე მოთხოვნას ვერ გააჩენ”
Ford ხაზს უსვამს: თუ მთავრობები სტიმულებს არ გააძლიერებენ და დამტენების მშენებლობას არ დააჩქარებენ, წესების გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს - პირიქით, შეიძლება ბაზარი „გაყინოს“.
კომპანია განსაკუთრებით საუბრობს კომერციულ ტრანსპორტზე: ევროპის ბაზარზე ელექტრო ფურგონები ჯერ ძალიან მცირე წილს იკავებს და არსებული CO₂ სტანდარტები, Ford-ის თქმით, პროპორციულად მეტად აწვება მცირე და საშუალო ბიზნესს.