
Dec 13, 2024
ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამ $400 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, 11 დეკემბრის მონაცემებით, $428 მილიარდის მფლობელია.
მასკის ქონებამ ისტორიული ნიშნული SpaceX-ისა და მისი ინვესტორების მიერ ოთხშაბათს ინსაიდერების აქციების გამოსყიდვაზე შეთანხმების შემდეგ გადაკვეთა. ახალი გარიგებით, SpaceX $350 მილიარდად შეფასდა, რაც მასკის ქონებას $58 მილიარდით ზრდის. განახლებული შეფასების შემდეგ, SpaceX გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია.
SpaceX-ის $350 მილიარდად შეფასება ნიშნავს, რომ ილონ მასკის 42%-იანი წილი კომპანიაში ახლა დაახლოებით $147 მილიარდად არის შეფასებული. ეს 60%-ით მეტია კომპანიის წინა შეფასებაზე – წლის დასაწყისში SpaceX-ის ღირებულება $210 მილიარდად განისაზღვრებოდა.
2024 წლის 1 იანვრის შემდეგ, ილონ მასკის წმინდა ქონება $150 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ SpaceX-ის მზარდი შეფასებაა, თუმცა ასევე Tesla-ში მისი 13%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 70%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, გამარჯვებას უკავშირდება.