
მტვერსასრუტების მწარმოებელმა Dreame-მ აშშ-ში სარაკეტო ძრავით აღჭურვილი სუპერქარი წარადგინა
Apr 28, 2026
ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Dreame Technology-მ, რომელიც მსოფლიოში რობოტი მტვერსასრუტებით არის ცნობილი, აშშ-ში სარაკეტო ძრავებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე ელექტრო სუპერქარის კონცეპტი წარადგინა.
სარაკეტო ამაჩქარებლები და წარმოუდგენელი სისწრაფე
ორშაბათს სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას Nebula Next 01 Jet Edition აჩვენა. ეს არის 1,876-ცხენისძალიანი სუპერქარის განახლებული ვერსია, რომელიც ტრადიციული საავტომობილო ინჟინერიის ფიზიკური საზღვრების დასარღვევად სპეციალური, ორმაგი მყარსაწვავიანი სარაკეტო ამაჩქარებლებით (Solid rocket boosters) არის აღჭურვილი.
კომპანიის განცხადებით, სისტემას 150-მილიწამიანი რეაგირების დრო აქვს და 100 კილონიუტონი წევის (Thrust) გამომუშავება შეუძლია.
ამ ძრავების დახმარებით ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე ფანტასტიკურ 0.9 წამში ჩქარდება, რაც ამჟამად არსებული საბურავების მოჭიდების ფიზიკურ ლიმიტებს ბევრად აღემატება.
ბატარეა და უსაფრთხოება
წარმოუდგენელი აჩქარების გარდა, Dreame-მა ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიებიც აჩვენა. მათ შორისაა სულფიდური მყარსხეულიანი ბატარეა (Solid-state battery), რომლის ენერგეტიკული სიმკვრივე 450 Wh/kg-ს აღემატება. 60Ah ულტრამაღალი ტევადობის ბატარეამ უსაფრთხოების უმკაცრესი შემოწმება (მათ შორის გახვრეტა და დაწნეხა) წარმატებით გაიარა და უკვე მასობრივი წარმოებისთვის მზადების ფაზაშია.
AI ინტეგრაცია და წარმოების გეგმები
Dreame-მა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებითაც გააკეთა განაცხადი და წარმოადგინა "AI-ით განსაზღვრული ავტომობილების" (AI-Defined Vehicles) კონცეფცია.
მოდელი აღჭურვილია DHX1 LiDAR სისტემით, რომელიც ავტონომიურ მართვას უზრუნველყოფს.
ჭკვიანი კაბინისთვის შეიქმნა Metis ინტელექტუალური აგენტი, რომელიც ავტომობილს ცენტრალურ ტვინად აქცევს ჭკვიანი სახლის მოწყობილობებისა და რობოტების სამართავად.
Dreame ავტომობილების ბაზარზე ოფიციალურად 2025 წლის აგვისტოში შემოვიდა. სუპერქარის ორიგინალი ვერსიის დებიუტი მიმდინარე წლის დასაწყისში CES-ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო მოდელის მასობრივი წარმოების ბევრი დეტალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, კომპანია წარმოების დაწყებას 2027 წლისთვის გეგმავს. Dreame-მა უკვე გააფორმა პარტნიორობა BNP Paribas-თან და ავტოქარხნის აშენებას გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში აპირებს.