
Toyota-ს სენსაციური განცხადება - მომავალი თაობის მყარი ელემენტის ბატარეები 40 წლის განმავლობაში იმუშავებს
Nov 10, 2025
Toyota-მ იაპონიის საავტომობილო გამოფენაზე (Japan Mobility Show) მოულოდნელი განცხადება გააკეთა: კომპანიის თქმით, მისი მომავალი თაობის მყარი ელემენტის (solid-state) ბატარეები შეძლებს 40 წლის განმავლობაში მუშაობას - რაც ნიშნავს, რომ ბატარეა გაუძლებს თავად ავტომობილზე დიდხანს და შემდეგ შეიძლება მეორე მანქანაშიც დაინსტალირდეს.
კომპანიის ინჟინერთა განცხადებით, ტრადიციული ლითიუმ-იონური ბატარეები, რომლებიც დღეს გამოიყენება, საშუალოდ ინარჩუნებენ 90%-იან ტევადობას 10 წლის განმავლობაში.
ახალი თაობის solid-state ბატარეების მიზანია 90%-იანი ტევადობის შენარჩუნება 40 წლის განმავლობაში - ანუ ოთხჯერ მეტი სიცოცხლის ციკლი.
თუ ეს მონაცემები დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ციკლის მქონე ბატარეა მსოფლიოში, რომელიც რადიკალურად შეცვლის EV ინდუსტრიას.
რა განსხვავებაა მყარ ელემენტსა და ტრადიციულ ბატარეებს შორის
მყარი ელემენტის ბატარეები (SSB) განსხვავდება ჩვეულებრივი ლითიუმ-იონური ბატარეებისგან იმით, რომ:
იყენებენ მყარ ელექტროლიტს, რაც ამცირებს ცეცხლის ან გადახურების რისკს;
მაღალ სიმკვრივეს და სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს;
აქვთ მცირე წონა და უკეთესი ენერგოეფექტურობა;
მათი დეგრადაცია (მოჭარბება) გაცილებით ნელა მიმდინარეობს.
Toyota-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა კეიჯი კაიტამ განმარტა, რომ ბატარეების საწყისი ფასი მაღალი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ხარჯი სრულად ანაზღაურდება მათი გამძლეობით:
“დღეს ლითიუმის ბატარეის სიცოცხლე დაახლოებით 10 წელია, მაგრამ ახალი სისტემით ვმიზნავთ 40 წელზე მეტს - იგივე ტევადობით,” - აღნიშნა კაიტამ.
40-წლიან ბატარეას უკავშირდება მასშტაბური ეკოსისტემა
Toyota უკვე თანამშრომლობს იაპონურ გიგანტებთან:
Idemitsu Kosan - უზრუნველყოფს ელექტროლიტურ მასალებს
Sumitomo Metal Mining — ამარაგებს კათოდის ლითონურ კომპონენტებს და Toyota-ს პრიორიტეტულად ამარაგებს სხვა ბრენდებზე ადრე
ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს ბატარეის მასობრივი წარმოების დაწყებას 2027–2028 წლებში.