
Toyota-ს მასშტაბური გეგმა - მომავალ 3 წელში 10 ახალი ელექტრომობილი?
Apr 11, 2025
ჰიბრიდებზე ორიენტაციის შემდეგ, კომპანიის ყურადღება ახლა სრულად ელექტრომობილებზე გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარი გარკვეულ გაურკვევლობებშია ჩაფლული – ტარიფების ზრდის და საგადასახადო შეღავათების გაუქმების საფრთხის გამო – გლობალურად EV-ების მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით ჩინეთში. Toyota, რომელიც წლების განმავლობაში ჰიბრიდებზე იყო კონცენტრირებული, ახლა გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ელექტრომობილების პორტფელი.
იაპონური ავტომწარმოებელი გეგმავს, 2027 წლამდე 10 ახალი ელექტრომობილი გამოუშვას. ამჟამად Toyota მხოლოდ რამდენიმე სრულად ელექტროძრავიან მოდელს აწარმოებს, მათ შორის აშშ-ში ხელმისაწვდომია Toyota bZ4X და Lexus RZ, თუმცა კომპანია აპირებს, გლობალურად არსებული 5 EV მოდელი 15-მდე გაზარდოს.
Toyota ასევე აპირებს წლიური ელექტრომობილების წარმოება 1 მილიონ ერთეულამდე გაზარდოს 2027 წლისთვის – ეს რიცხვი შვიდჯერ აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც კომპანიამ მსოფლიოში 140,000 EV გაყიდა. ეს კომპანიის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა ახალი სტრატეგია ამ მაჩვენებლის 35%-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.
ახალი მოდელები დამზადდება იაპონიაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დამატებით ტაილანდსა და არგენტინაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელი იქნება C-HR+ ელექტრო SUV, რომლის წარმოებაც იაპონიაში 2025 წლის სექტემბერში დაიწყება და გაიყიდება ევროპაში, აშშ-ში და იაპონიაში.
ამასთან, Toyota-ს მიერ ადრე გამოცხადებული გეგმები, რაც კენტუკის ქარხანაში სამრიგიანი ელექტრო SUV-ის წარმოებას ეხებოდა, 2026 წლამდე გადაიდო. ბატარეები მომარაგდება ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ქარხნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ Toyota-მ ამ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ნიკეის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიას არ გამოუცხადებია“, ნათელია, რომ ბრენდი ემზადება სერიოზული ნაბიჯისთვის EV ბაზარზე, სადაც ამ დრომდე კონკურენტებს – როგორიცაა Tesla და BYD – მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.