„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ინტერვიუ EV Power-ის მმართველ პარტნიორ რატი ახვლედიანთან

Apr 1, 2025

EV Power საქართველოში ევროპული ინვესტიციით შემოსული კომპანიაა, რომელიც უკვე წლებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურაზე მუშაობს.

კომპანიამ მტკიცე ნაბიჯებით დაიწყო საქართველოში ოპერირება – მოიგო თბილისის მერიის ტენდერი და უკვე ამზადებს პირველ სადგურებს.

EV Power მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ელექტრომობილების პირველ გამოფენაში. თემაზე ვესაუბრეთ EV Power-ის მმართველ პარტნიორ რატი ახვლედიანს, რომელმაც გაგვიზიარა, როგორ გეგმავს კომპანია ქართულ ბაზარზე შემოსვლას, რა სიახლეს სთავაზობს მომხმარებლებს და რატომ მიიჩნევს EV Exposition-ს სტრატეგიულ შესაძლებლობად.

როდის და როგორ გამოჩნდა EV Power ქართულ ბაზარზე?

  • EV Power ევროპაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების დამტენების ქსელებს ქმნის ისეთ ქვეყნებში, მაგალითად როგორიცაა კვიპროსი — მხოლოდ იქ 100-ზე მეტი სადგური გვაქვს დამონტაჟებული.

გლობალურად ჩვენს აპლიკაციაში 63,000-ზე მეტი დამტენია ჩართული, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთიანი პლატფორმით ისარგებლონ ყველგან.

ახლა ჩვენი მიზანია, საქართველოც დაემატოს ამ რუკას. ვგეგმავთ მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურის შექმნას და გვინდა, ქვეყანამ იგრძნოს ევროპული ხარისხი საკუთარ სივრცეში.

რით გამოირჩევა EV Power კონკურენტებისგან?

  • პირველი, რასაც მომხმარებელს შეამჩნევს, არის სიჩქარე – ჩვენ ვამონტაჟებთ 300 კვტ-ზე ზემოთ სიმძლავრის სწრაფ დამტენებს, რაც ამ ეტაპზე უპრეცედენტოა საქართველოში.

მეორე დიდი განსხვავებაა offline გადახდის ფუნქცია. მომხმარებელს არ სჭირდება წინასწარ ბალანსის შევსება აპლიკაციაში. უბრალოდ მიაერთებს ბარათს და იმ მომენტში გადაიხდის — ზუსტად იმდენს, რამდენიც დამუხტვაზე მოდის.

გარდა ამისა, გვექნება გადახდის ალტერნატიული მეთოდები – open banking და კრიპტოვალუტაც, რაც სრულიად ახალი გამოცდილებაა ქართულ ბაზარზე. ბევრად თანამედროვე შესაძლებლობებს ვპირდებით მომხმარებლებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. 

სად უნდა ველოდოთ EV Power-ის დამტენებს და როგორია სამოქმედო გეგმა?

  • თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ამჟამად გვაქვს 66 ლოკაცია, სადაც ეტაპობრივად დავამონტაჟებთ დამტენებს.

პირველ ეტაპზე ფოკუსირებული ვართ თბილისზე, ყველა უბანში. თუმცა, პარალელურად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან და რეგიონული გაფართოებაც აქტიურ გეგმაში გვაქვს.

ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ არა საბოლოო. გვსურს არა მხოლოდ საქართველოში ყოფნა, არამედ ბაზრის სტანდარტების ამაღლებაც.

რას ელით EV Exposition-იდან და რატომ არის ის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

  • ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა რამდენიმე მიზეზით:

  1. პირველ რიგში, გვინდა ვიხილოთ ეკოსისტემა მთლიანობაში — ანუ, რომელი კომპანიებია წარმოდგენილი, ვინ რას სთავაზობს მომხმარებლებს. ეს გამოფენა პალიტრას ჰგავს, რომელიც გაძლევს საშუალებას დაინახო, რა ხდება ბაზარზე.

  2. მეორე მხრივ, ჩვენც ვიქნებით ამ პალიტრის ნაწილი და ჩვენს ფერს ვაჩვენებთ ბაზარს — იმ სიახლეებს, რასაც EV Power შემოიტანს: სწრაფ დამტენებს, თანამედროვე გადახდებსა და ევროპული მიდგომის სერვისს.

EV Exposition-ს მეშვეობით მომხმარებელსაც ექნება შანსი გაეცნოს ჩვენს ტექნოლოგიებს და აირჩიოს სერვისი, რომელიც მის საჭიროებებს საუკეთესოდ შეესაბამება.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @