
მსოფლიოში პირველი ნატრიუმის ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი ზამთარში ძალას არ კარგავს
Feb 8, 2026
ჩინურმა ბატარეების გიგანტმა CATL-მა და ავტომწარმოებელმა Changan Automobile-მა განაცხადეს, რომ 2026 წლის შუა პერიოდში გზებზე გამოვა მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილი, რომელიც ნატრიუმის ბატარეაზე მუშაობს.
ეს ავტომობილია Changan Nevo A06, რომელიც აღჭურვილი იქნება CATL-ის Naxtra ნატრიუმის ბატარეით. ჩინური ტესტირების ციკლის მიხედვით, ავტომობილის სვლის მარაგი დაახლოებით 400 კილომეტრს შეადგენს.
CATL-ის განცხადებით, ეს ნაბიჯი ნიშნავს ე.წ. „ორმაგი ქიმიის ეპოქის“ დაწყებას, სადაც ნატრიუმის და ლითიუმის ბატარეები ერთმანეთის პარალელურად იარსებებს და სხვადასხვა საჭიროებას მოერგება.
ნატრიუმის ბატარეების მთავარი უპირატესობა არის ზამთარში მუშაობა. CATL-ის ინფორმაციით, Nevo A06 პრაქტიკულად არ კარგავს სვლის მარაგს უკიდურეს სიცივეში - ბატარეა ინარჩუნებს 90%-ზე მეტ ენერგიას -40°C-ზე, ხოლო სტაბილურად მუშაობს კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზეც.
ამის გარდა, ნატრიუმის ბატარეები ითვლება უფრო უსაფრთხოდ, რადგან მათ არ აქვთ გადახურებისა და აალების რისკი, რაც ლითიუმის ბატარეებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ასევე, ნატრიუმი გაცილებით იაფი და გავრცელებული რესურსია, ვიდრე ლითიუმი.
ენერგოინტენსივობის მხრივ, Naxtra ბატარეა აღწევს დაახლოებით 175 Wh/kg-ს, რაც ახლოსაა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) ბატარეებთან. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია განსაკუთრებით გამოდგება ხელმისაწვდომი ელექტრომობილებისა და ენერგიის შენახვის სისტემებისთვის.
CATL აცხადებს, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მომავალში ნატრიუმის ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების სვლის მარაგი შეიძლება 600 კილომეტრამდე გაიზარდოს. ეს დაფარავს მომხმარებელთა დიდი ნაწილის ყოველდღიურ საჭიროებებს.
მიუხედავად იმისა, რომ რეალური ტესტების შედეგებს ჯერ უნდა დაველოდოთ, სპეციალისტები თვლიან, რომ ნატრიუმის ბატარეები შეიძლება გახდეს ელექტრომობილების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილება, განსაკუთრებით ცივი კლიმატის რეგიონებისთვის.