
პირველი ნამდვილი ელექტრო მფრინავი მანქანა უკვე მზად არის – გამოშვება 2025 წლის ბოლოს იგეგმება
Jun 9, 2025
მრავალი წლის განმავლობაში მფრინავი ავტომობილი მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა ის რეალობას უახლოვდება — და შესაძლოა 2025 წლის ბოლომდე უკვე გზებსა და ცაზე ვიხილოთ. კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Alef Aeronautics უკვე აშენებს წინასერიულ მოდელებს, რომელსაც თავადვე უწოდებს „პირველ ნამდვილ მფრინავ ავტომობილს“ — ის სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და კომპანიის განცხადებით, მგზავრობისას ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე Tesla ან სხვა ელექტრომობილი.

Alef-ის მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი „Model A“ პირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. მანქანა მიწაზე დაახლოებით 354 კილომეტრის გავლას, ხოლო ჰაერში 177 კილომეტრის ფრენას შეძლებს. იმავე თვეში დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება და წლის ბოლოსთვის უკვე 440 ჯავშანი მოაგროვა. დღევანდელი მონაცემებით კი 3,400-ზე მეტი წინასწარი შეკვეთაა მიღებული, საერთო ღირებულებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი.
მათ შორის არიან როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები — მათ შორის ერთ-ერთი კალიფორნიელი ავტოსალონია, რომელმაც Alef-ის მოდელი საკუთარ შოურუმშიც შეიტანა.
Model A-ს „ultralight“ (ულტრალაითი) სტატუსი აქვს აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) კლასიფიკაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პილოტის ლიცენზია არ სჭირდება. თუმცა ფრენა მხოლოდ დღისით და მოსახლეობით არამჭიდროდ დასახლებულ ადგილებში იქნება დაშვებული.
წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც Model A ქუჩაში მოძრაობისას მეორე მანქანას გადაუფრენს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მნახველებს საეჭვოდ მოეჩვენათ, კომპანია ამტკიცებს, რომ ეს იყო „ისტორიაში პირველი რეალური კადრი, სადაც მანქანა მოძრაობას ჰაერში აფრენით აგრძელებს.“
მართალია Model A-ის საწყისი ფასი ახლა მაღალია, Alef ამბობს, რომ მასიური წარმოებისას ფასები „დრამატულად შემცირდება“ და შესაძლოა მომავალში Toyota Corolla-ს ან Ford Focus-ის დონეზე ჩამოვიდეს.
კომპანიის მიზანია, რომ Model A-ის წარმოება 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში დაიწყოს. Alef-მა უკვე გააფორმა პარტნიორობა მსხვილ მწარმოებლებთან, რომლებიც ისეთ გიგანტებს ამარაგებენ, როგორიცაა Boeing და Airbus.
მფრინავი ავტომობილის ერა ნელ-ნელა რეალობა ხდება. Model A შეიძლება გახდეს პირველი მასობრივი ნაბიჯი მობილობის ახალ ეპოქაში — სადაც მანქანა არა მხოლოდ გზით, არამედ ცითაც მიემართება.
