ქვეყანაში საჭიროა უფრო მეტი დამტენი სადგური - ინტერვიუ დავით იოსავასთან

Feb 25, 2025

ელექტრომობილების მზარდი პოპულარობის ფონზე, დამტენების ხელმისაწვდომობა და მოხმარების კომფორტი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ბევრი მძღოლი ეძებს გამოსავალს, როგორ გაამარტივოს დატენვის პროცესი და როგორ მოიძიოს სანდო ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა EwNews.ge E-Space-ის გენერალურ დირექტორ დავით იოსავას, რომელიც ყოველდღიურად თანამშრომლობს ელექტრომობილების მომხმარებლებთან და მუდმივი შეხება აქვს ინდუსტრიაში მიმდინარე ინოვაციებთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან.

დამტენების ტიპები და მათი გამოყენება

  • დამტენები სხვადასხვა ტიპისა და სტანდარტის არსებობს. ზოგადად, საქართველოში შემოდის ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული ავტომობილები, შესაბამისად, მათი შესაბამისი დამტენებიც. ჩვენს ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია ევროპული, იაპონური და ჩინური სტანდარტის დამტენები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციების საშუალებით.

მომხმარებელს შეუძლია გაფილტროს, რა ტიპის დამტენი სჭირდება - სწრაფი თუ ნელი, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს აპირებს გაჩერებას კონკრეტულ ობიექტზე. 

ძირითადი გამოწვევები საქართველოში

1️⃣ საპარკინგე სივრცეების პრობლემა

  • ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალსართულიანი კორპუსებია, სადაც საპარკინგე ზონები ცალ-ცალკე განთავსებული არ არის. ასევე, საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა, რაც გავლენას ახდენს დამტენების ეფექტურ განაწილებაზე. თუმცა, ეს ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რადგან სხვადასხვა კომპანია ამ ბიზნესით ინტერესდება და საკუთარ აპლიკაციებსაც ავითარებს.

2️⃣ დამტენების ინფრასტრუქტურა

  • ქვეყანაში მეტი და უკეთესი დამტენების შექმნა აუცილებელია. უხეშად რომ ვთქვათ, საჭიროა უფრო მეტი დატენვის სადგური როგორც სამუშაო, ისე საზოგადოებრივ სივრცეებში. ეს ხელს შეუწყობს ელექტრომობილების უფრო ფართოდ გავრცელებას და დროთა განმავლობაში მათი გამოყენება უფრო პოპულარული გახდება.

მეტი დამტენები = მეტ ელექტრომობილს

  • მნიშვნელოვანია, კომპანიებმა გააცნობიერონ დამტენების მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც წელიწადში 5 დამტენი დავამატეთ, თანამშრომლებმა ელექტრომობილები შეიძინეს, რაც მათთვის დიდი კომფორტი გახდა - სამუშაო საათების განმავლობაში მათი მანქანა ბოლომდე იტენებოდა. ასე რომ, კომპანიების მხრიდან მეტი თანამშრომლობა ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.

საქართველოში ელექტრომობილების პირველი გამოფენა

5 აპრილს, Expo Georgia-ს სივრცეში, საქართველოში პირველად გაიმართება ელექტრომობილების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ელექტრომობილები, ასევე დამტენების ინდუსტრიის წარმომადგენლები.

„ჩვენ ხშირად ვესწრებით მსგავს გამოფენებს საზღვარგარეთ, თუმცა არ მეგონა, რომ საქართველოში ასე მალე გაიმართებოდა მსგავსი ღონისძიება. ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს სფერო ახლა აქტიურად ვითარდება და ასეთი პლატფორმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მის პოპულარიზაციას”, - აღნიშნა საუბრის დასასრულს დავით იოსავამ. 

რედაქტორისგან: EvNews.ge პირველი ქართული პლატფორმაა, რომელიც ელექტრომობილებისა და მათი ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაწვდით. ჩვენს ვებ-გვერდზე საინფორმაციო მასალებთან ერთად, დამტენების რუკაც შეგიძიათ იხილოთ, რაც მგზავრობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. რუკა ყოველდღიურად ახლდება და ახალი დამტენები ემატება.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @