
Corvette აღარ იქნება ისეთი, როგორსაც იცნობდით – GM-მა სრულიად ელექტრული კონცეპტი წარადგინა!
Apr 15, 2025
General Motors-მა (GM) დიდი ბრიტანეთში ახალი დიზაინის სტუდიის გახსნასთან ერთად წარადგინა სრულიად ელექტრული Chevrolet Corvette-ის კონცეპტუალური მოდელი, რაც კომპანიის მხრიდან ევროპის ბაზარზე დაბრუნების სტრატეგიის ნაწილი გახლავთ.
ახალი კონცეპტი გამოირჩევა დახვეწილი და აეროდინამიკური დიზაინით, რომელიც ვიზუალურად უფრო მეტად წააგავს მომავლის IMSA-ის რბოლის ავტომობილს, ვიდრე ტრადიციულ Corvette-ს. მიუხედავად ამისა, მასში გამოყენებულია გაყოფილი უკანა ფანჯრის დიზაინი, რაც 1963 წლის Sting Ray მოდელს ახასიათებდა.

კონცეპტი სერიული წარმოებისთვის არ არის განკუთვნილი
როგორც GM აცხადებს, ელექტრო Corvette წარმოადგენს „დიზაინ-კვლევის“ ნაწილს და არ არის განკუთვნილი უშუალოდ წარმოებისთვის. თუმცა მისი წარდგენა და პარალელურად დიზაინის სტუდიის გახსნა აღნიშნავს კომპანიის "ერთგულებას ევროპისადმი" — რეგიონში, სადაც GM გეგმავს Cadillac-ის ელექტრომობილების გაფართოებას და Corvette-ის გაყიდვების დაწყებას.
GM-ის დაბრუნება ევროპაში
GM ცდილობს კვლავ შეაღწიოს ევროპულ ბაზარზე მას შემდეგ, რაც 2017 წელს გაყიდა თავისი ევროპული ბრენდი Opel ფრანგულ PSA ჯგუფზე (დღეს უკვე Stellantis-ის ნაწილი).
ავტომწარმოებლები ხშირად იყენებენ კონცეპტუალურ ავტომობილებს მომხმარებლის ინტერესის გასაზომად, ტექნოლოგიური პროგრესის საჩვენებლად და ბრენდის სტრატეგიული მიმართულების გამოსაკვეთად.

გლობალური დიზაინის ინიციატივა
GM-ის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ეს პროექტი გლობალური დიზაინის ნაწილია და მისი ფარგლებში 2025 წლის განმავლობაში წარედგინება კიდევ რამდენიმე Corvette-ის კონცეპტუალური ვერსია. კომპანია ასევე ფლობს დიზაინის სტუდიებს დეტროიტში, ლოს-ანჯელესში, შანხაიში და სეულში.
2022 წელს GM-მა გამოაცხადა, რომ გეგმავდა სრულად ელექტრული Corvette-ის წარმოებას — კომპანიის გრძელვადიან მიზანთან დაკავშირებით, რომლის თანახმად 2035 წლისთვის სრულად ელექტრომობილებზე უნდა გადავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე Corvette-ის სრულად ელექტრული ვერსია ჯერ არ არსებობს. ამჟამად კომპანია სთავაზობს მხოლოდ ჰიბრიდულ ვარიანტს სახელად E-Ray.
GM-ის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, როდის იქნება მზად ელექტრო Corvette-ის სერიული ვერსია.


