
Tesla კანადურ კვოტებს იპყრობს: ჩინეთში აწყობილი მოდელების იმპორტის პირველი ფანჯარა გაიხსნა
May 31, 2026
როგორც ჩანს, ილონ მასკის კომპანია დროს ტყუილად არ კარგავს. მას შემდეგ, რაც კანადამ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული დამსჯელი 100%-იანი ტარიფი გააუქმა და ახალი, შეზღუდული კვოტების სისტემა შემოიღო, Tesla-მ ამ ახალი წესებით მაქსიმალური სარგებლის მიღება უკვე დაიწყო.
კანადის მთავრობის ახალი სქემა ჩინეთში აწყობილ ელექტრომობილებს ქვეყანაში შემოსვლას საგრძნობლად დაბალი ბაჟით სთავაზობს. პირველი საიმპორტო ფანჯარა 2026 წლის 31 აგვისტომდეა ღია და 24,500 ავტომობილს ითვალისწინებს. განახლებული მონაცემებით, კანადაში ჩინეთიდან უკვე 2,910 ელექტრომობილი შევიდა, რაც საერთო კვოტის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
მართალია, მთავრობას კონკრეტული ბრენდები არ დაუსახელებია, მაგრამ ექსპერტებისთვის უკვე ნათელია - ეს თითქმის სრულად შანხაის გიგაქარხანაში (Giga Shanghai) აწყობილი Tesla Model 3-ის სედანებია. შედარებისთვის, სხვა დადასტურებული იმპორტი ჯერჯერობით მხოლოდ Geely-ს 18 ერთეული Lotus Eletre იყო.
Tesla-ს მოქმედების სისწრაფე და ბაზარზე ადაპტაცია გასაოცარია. ბოლო კვირის განმავლობაში შანხაიდან ჩამოსული Model 3-ების უზარმაზარი პარტიები უკვე დააფიქსირეს კანადის სხვადასხვა მიწოდების ცენტრებში, განსაკუთრებით ონტარიოში.
ეს ტემპი ცხადყოფს, თუ რამდენად აგრესიულად აპირებს Tesla ამ პროგრამის გამოყენებას. თუ იმპორტი ამ სიჩქარით გაგრძელდა, აგვისტოს ბოლომდე კომპანია კვოტის ლომის წილს დაეუფლება. ამის მიზეზი მარტივია:
მზა ინფრასტრუქტურა: Tesla-ს უკვე აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი, ძლიერი ბრენდი და ლოიალური კლიენტურა კანადაში, განსხვავებით ჩინური ბრენდებისგან, რომლებსაც ბაზრის შესწავლა და სადილეროების მოწყობა ნულიდან უწევთ.
"ვინც მოასწრებს" (First-come-first-served): კვოტების სისტემა სწორედ ამ პრინციპით მუშაობს, რაც სერიოზულად აშინებს ჩინელ მწარმოებლებს. უნდობლობისა და გაურკვევლობის გამო, ბევრმა მათგანმა კანადის ბაზარზე შესვლის გეგმები 2027 წლამდე გადადო.
ასეთმა აგრესიულმა ტემპმა შესაძლოა კანადის მთავრობა აიძულოს, დამატებითი რეგულაციები შემოიღოს და ერთი ბრენდისთვის განკუთვნილი კვოტა დაალიმიტოს. ოფიციალური პირები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი ლიმიტის დაწესება აუცილებელია, რათა ბაზარზე მხოლოდ ერთი ავტომწარმოებლის მონოპოლია არ დაუშვან.