
SAIC მაისის ბოლოსთვის 100 მილიონი ავტომობილის მიწოდების ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს
May 24, 2026
ჩინური ავტოგიგანტი SAIC Motor მიმდინარე თვის ბოლოს გლობალურად 100 მილიონი ავტომობილის მიწოდების ისტორიულ ზღვარს გადალახავს. ეს მიღწევა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიისთვის, რადგან SAIC ხდება პირველი ჩინური ავტოჯგუფი, რომლის ჯამურმა გაყიდვებმა ასეთ ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია.
7 ათეული წლის ევოლუცია და გლობალური ექსპანსია
კომპანიის ისტორია 1955 წლიდან იწყება, როდესაც ის მხოლოდ ავტონაწილების მწარმოებელ ფირმას წარმოადგენდა. 1983 წელს SAIC ჩინეთის ავტოინდუსტრიაში ერთობლივი საწარმოების (Joint Venture) პიონერი გახდა - კონვეიერიდან პირველი ადგილობრივად აწყობილი სედანი, Volkswagen Santana, ჩამოვიდა.
დღეს SAIC სერიოზულ გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს:
ექსპორტი: 2001 წლიდან დღემდე, კომპანიის პროდუქცია და სერვისები 170-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საზღვარგარეთული მიწოდების ჯამურმა რაოდენობამ კი 7 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
ინფრასტრუქტურა: კომპანიას აქვს 100-ზე მეტი საზღვარგარეთული ავტონაწილების საწარმო, 3,000-ზე მეტი დილერი და ოთხი მთავარი საწარმოო ჰაბი (ტაილანდი, ინდონეზია, ინდოეთი და პაკისტანი). მას ასევე გააჩნია სამი კვლევითი ცენტრი, მათ შორის ერთი ლონდონში.
Glocal Strategy: 2025 წელს SAIC-მა ახალი სტრატეგია წარადგინა, რაც გლობალური მასშტაბისა და ლოკალური უპირატესობების გაერთიანებას გულისხმობს. სამომავლოდ, ახალი ჰიბრიდული მოდელებით კომპანია გლობალური ბაზრის ძირითადი სეგმენტების ათვისებას გეგმავს.
გაყიდვების კლება და გამოწვევები
მიუხედავად ისტორიული რეკორდისა, მიმდინარე წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. SAIC-მა ბოლო თვეებში გაყიდვების ვარდნა დააფიქსირა:
კვარტალური მაჩვენებელი: იანვარ-აპრილის პერიოდში ჯგუფის გაყიდვებმა 1,301,589 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.50%-იანი კლებაა.
აპრილის ვარდნა: მხოლოდ აპრილში გაყიდვები წლიურად 12.66%-ით შემცირდა და 328,841 ერთეული შეადგინა.
მთავარი იმედგაცრუება: ყველაზე ცუდი შედეგი SAIC Volkswagen-ს ჰქონდა. ერთობლივი საწარმოს გაყიდვები აპრილში კატასტროფულად, 51.53%-ით დაეცა და მხოლოდ 40,000 ერთეულს მიაღწია.