“საწვავზე 3-ჯერ იაფი უნდა დაჯდეს EV-ების ფლობა” - რას გეგმავს “და-ტენე”?

Sep 23, 2024

Green Energy-ის შვილობილი კომპანია "და-ტენე" ელექტრომობილების დამუხტვის პირველ მასშტაბურ პუნქტს ოქტომბრიდან გახსნის - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ  "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. 

"ოქტომბრის პირველ რიცხვებში უკვე დავამონტაჟებთ 15 ცალ 120-კილოვატიან სატენს, რომელიც ჯამში 30 ელექტრომობილზე იქნება გათვლილი. მაგრამ, 2025 წლის მე-2 კვარტალის ბოლომდე, ჩვენი მიზანია, შერეული სიმძლავრეების მქონე 300 სატენი დავაყენოთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, მიზიდულობის ისეთი ადგილები შევქმნათ, სადაც ელექტრომობილებით მიხვალ და მობილიზებული დაგხვდება 20-30 მანქანის ადგილი, კვების ობიექტი, მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები", - განაცხადა შვანგირაძემ.

"და-ტენეს" დამფუძნებლის თქმით, კომპანია ავტომობილის დამუხტვის კომფორტულ და ხელმისაწვდომ სერვისს დანერგავს.

"იდეა წამოვიდა მას შემდეგ, რაც თავად შევიძინე ელექტრომობილი და საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა, თუმცა რიგი პრობლემებიც გამოიკვეთა, მაგალითად, რეგიონში გასვლა. ბათუმში ჩასვლა ჭირს. ჩახვალ, თუმცა შემდეგ იქ რას იზამ და უკან როგორ წამოხვალ? არ არის ინფრასტრუქტურა, რომ მიხვიდე და კომფორტულად დატენო ელექტრომობილი.

ეს დიდი დისკომფორტია და გვსურს, ერთი წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულად აღმოვფხვრათ, რომ საქართველოშიც თამამად იყიდონ მოქალაქეებმა ელექტრომობილები და იცოდნენ, რომ კომფორტი ექნებათ. მთავარია, ეს შეღავათიანიც იყოს: საწვავზე 3-ჯერ იაფი უნდა დაჯდეს ელექტრომობილის ფლობა", - აღნიშნა შვანგირაძემ.

"და-ტენეს" დამტენები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება, რომელთა ნახვაც მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი. 

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @