
Hyundai ახალი სიურპრიზით ბრუნდება: EREV მოდელი 960 კმ სვლის მარაგით
Sep 19, 2025
Hyundai-მ ინვესტორების ყოველწლიურ შეხვედრაზე ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: 2027 წლიდან ბაზარზე გამოჩნდება კომპანიის პირველი გაფართოებული სვლის მარაგის ელექტრომობილი (EREV), რომელსაც 960 კილომეტრამდე მანძლის გავლის შესაძლებლობა ექნება ერთი დამუხტვით.
EREV (Extended Range Electric Vehicle) არის ელექტრომობილის ახალი ტიპი, რომელიც ძირითადად მუშაობს ბატარეაზე, თუმცა დამატებით აქვს პატარა ბენზინის ძრავა. ეს ძრავა ბორბლებს არ ამოძრავებს, არამედ მხოლოდ ბატარეის დამუხტვას ემსახურება.
ამ მიდგომით მძღოლს შეუძლია ისარგებლოს ელექტრომობილის ყველა უპირატესობით: სწრაფი აჩქარება, სიჩუმე და ეკოლოგიურობა. ამავდროულად კი მოიშოროს ყველაზე დიდი პრობლემა: სვლის მარაგის შიში.
კომპანიის განცხადებით:
ახალი EREV-ები გამოვა 2027 წელს;
გამოყენებული იქნება მაღალი წარმადობის ბატარეები და ძრავები, რაც უზრუნველყოფს „სრულად ელექტრულ გამოცდილებას“ 960 კმ სვლის მარაგით;
ბატარეის ზომა იქნება უფრო მცირე, ვიდრე არსებული EV-ების - მაგალითად, 30-40 კილოვატსაათიანი ბატარეა, რომელსაც ბენზინის გენერატორი დაეხმარება.
ეს ნიშნავს, რომ Hyundai შეძლებს შესთავაზოს მომხმარებელს უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილი, რომელიც მაინც დიდ სვლის მარაგს ინარჩუნებს.
Hyundai-მ დაადასტურა, რომ მისი პრემიუმ ბრენდი Genesis-იც მიიღებს EREV ტექნოლოგიას და დამატებით 2026 წლიდან ჰიბრიდულ მოდელებსაც გამოუშვებს. 2030 წლისთვის ჯგუფი გეგმავს 18-ზე მეტ ჰიბრიდულ მოდელს და სრულფასოვან ელექტრო ხაზს.
დიდი ზომის ელექტრო პიკაპებისა და SUV-ების მთავარი პრობლემა არის მძიმე და ძვირი ბატარეები, რომლებიც რეალურ პირობებში ხშირად ნაკლებ ეფექტიანია. EREV მოდელები ამ პრობლემას ასე აგვარებენ: ბატარეის ზომა მცირდება, ხოლო საჭიროებისას პატარა ბენზინის ძრავა აკომპენსირებს სვლის მარაგს.
ჩინეთში ეს ტექნოლოგია უკვე პოპულარული ხდება, ხოლო ახლა Hyundai გეგმავს მისი მასობრივად გავრცელებას ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ბაზრებზე.
Hyundai და Genesis 2030 წლისთვის მიზნად ისახავენ 3.3 მილიონი ელექტრიფიცირებული ავტომობილის გაყიდვას, რაც მოიცავს როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჰიბრიდულ და EREV მოდელებს.