
ლითიუმის ბატარეების დასასრული დაიწყო?! - CATL-მა ისტორიაში უდიდესი შეთანხმება გააფორმა!
Apr 28, 2026
მსოფლიოს უდიდესმა ბატარეების მწარმოებელმა, CATL-მა ნატრიუმ-იონურ (Sodium-ion) ბატარეებზე დღემდე ყველაზე მასშტაბური შეკვეთა მიიღო. ეს ტექნოლოგიური გადატრიალება ლითიუმ-იონური ბატარეების იაფი ალტერნატივის კომერციალიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
ორშაბათს, კომპანიამ ჩინურ ენერგიის შემნახველი სისტემების პროვაიდერ HyperStrong-თან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა და ენერგიის შესანახად განკუთვნილი 60 გიგავატ-საათის (GWh) მოცულობის ბატარეების მიწოდებაზე 3-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნატრიუმ-იონური ბატარეების მასობრივ წარმოებაში ოფიციალურ ჩაშვებას აღნიშნავს.
ტექნოლოგიური გარღვევა და 1.5 მილიარდიანი ინვესტიცია
CATL-ის განცხადებით, ეს შეთანხმება ადასტურებს, რომ კომპანიამ ნატრიუმ-იონური ბატარეების მასობრივი წარმოების სრული ჯაჭვის ტექნიკური გამოწვევები წარმატებით დაძლია. ამ ისტორიული მიღწევისთვის CATL-მა 2016 წლიდან მოყოლებული კვლევებსა და განვითარებაში (R&D) თითქმის 10 მილიარდი იუანის ($1.47 მილიარდი) ინვესტიცია განახორციელა.
თავსებადობა და ხარჯები: კომპანიამ საგრძნობლად გაზარდა ნატრიუმის ბატარეების ენერგეტიკული სიმკვრივე. ინჟინრებმა შეინარჩუნეს ლითიუმ-იონური ბატარეების იდენტური პლატფორმის დიზაინი (ზომები), რაც ავტომწარმოებლებისთვის ადაპტაციის ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებს.
გამძლეობა და უსაფრთხოება: ახალი ტიპის ელემენტები ექსტრემალურ ტემპერატურაზე ბევრად უკეთ მუშაობს, მუშაობის პროცესში ნაკლებად ხურდება და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით გამოირჩევა. გრძელვადიან ენერგიის შემნახველ სისტემებში ის ამარტივებს არქიტექტურას და ელექტროსადგურების ეკონომიკურ ეფექტიანობას ზრდის.
სამომავლო გეგმები და ელექტრომობილები
CATL-ის თავმჯდომარის, რობინ ზენგის პროგნოზით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნატრიუმ-იონური ბატარეები ბაზრის არსებული წილის 30-40%-ს ჩაანაცვლებს. ამჟამად კომპანია უკვე მეექვსე თაობის ნატრიუმის ბატარეებზე მუშაობს.
გარდა ენერგიის შემნახველი ობიექტებისა, ტექნოლოგია სამგზავრო ავტომობილებშიც ინერგება:
მიმდინარე წლის თებერვალში CATL-მა და Changan Automobile-მა ერთობლივად წარადგინეს მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილი, რომელიც ნატრიუმ-იონურ ბატარეაზე მუშაობს.
მოდელი ბაზარზე 2026 წლის შუა პერიოდში გამოვა და ის CATL-ის Naxtra ბატარეით იქნება აღჭურვილი. საყურადღებოა, რომ უკიდურეს სიცივეში მისი განმუხტვის სიმძლავრე იმავე მოცულობის ტრადიციულ LFP (ლითიუმ-რკინა-ფოსფატის) ბატარეას თითქმის 3-ჯერ აღემატება.
ცნობისთვის, ამჟამად CATL მსოფლიოს უდიდესი EV ბატარეების მიმწოდებელია - SNE Research-ის მონაცემებით, 2025 წელს გლობალური ბაზრის 39.2% სწორედ მას ეკავა. ნატრიუმ-იონური ტექნოლოგიის მასშტაბური კომერციალიზაციით კომპანია ახალ ენერგეტიკულ სისტემებში საკუთარი აბსოლუტური დომინაციის დამყარებას ცდილობს.