Ford ელექტრო ავტომობილების სტრატეგიას ცვლის

Dec 17, 2025

Ford Motor Company აცხადებს, რომ ბიზნეს პრიორიტეტების რესტრუქტურიზაციისა და სრულად ელექტრო ავტომობილებზე (EV) ინვესტიციების შემცირების ფონზე, დაახლოებით $19.5 მილიარდის ერთჯერად სპეციალურ დანახარჯებს დააფიქსირებს. კომპანიის ინფორმაციით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი 2025 წლის მეოთხე კვარტალში აისახება.

ავტომწარმოებელმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი უკავშირდება მისი სტრატეგიის გადახედვას, რომელიც მოიცავს სრულად ელექტრო მოდელებიდან ჰიბრიდულ და ე.წ. extended-range EV (EREV) ტექნოლოგიებზე გადასვლას. 

Ford-ის განცხადებით, აღნიშნული დანახარჯები კომპანიის წმინდა ფინანსურ შედეგებზე აისახება, თუმცა კორექტირებულ საოპერაციო მოგებაზე (Adjusted EBIT) გავლენას არ მოახდენს. ამავე დროს, Ford-მა 2025 წლისთვის კორექტირებული EBIT-ის პროგნოზი $7 მილიარდამდე გაზარდა, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია ოქტომბერში დასახელებულ $6-6.5 მილიარდიან დიაპაზონთან შედარებით.

კომპანიის მიერ გამოცხადებული ცვლილებები მოიცავს:

  • სრულად ელექტრო მსხვილი პიკაპების ახალი თაობის გაუქმებას

  • პატარა და უფრო ხელმისაწვდომი ელექტრო მოდელების განვითარებას

  • ჰიბრიდულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქცენტის გაზრდას

  • ძირითადი პროდუქტების - პიკაპებისა და SUV-ების - ინვესტიციების გადაბალანსებას

კომპანიამ დაადასტურა, რომ F-150 Lightning მომავალში EREV ვერსიაზე გადავა, რომელიც ელექტროძრავასთან ერთად ბენზინის გენერატორსაც მოიცავს. პარალელურად, Ford გეგმავს კენტუკისა და მიჩიგანის ბატარეის ქარხნების გამოყენებას ენერგიის სტატიკური შენახვის ახალი ბიზნესისთვის, რომელიც მონაცემთა ცენტრებსა და ელექტრო ქსელებს მოემსახურება.

Ford-ის შეფასებით, სტრატეგიული ცვლილებები Model e ელექტრო მიმართულებას 2029 წლამდე მომგებიანობის გზაზე დააყენებს, ხოლო Ford Blue და Ford Pro ბიზნესერთეულებში დადებითი ფინანსური ეფექტი უკვე 2026 წლიდან უნდა გამოჩნდეს.

კომპანიის პროგნოზით, 2030 წლისთვის Ford-ის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 50% ჰიბრიდული, EREV და სრულად ელექტრო ავტომობილები იქნება, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17%-ს შეადგენს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ Ford-ის აქციები after-hours ვაჭრობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 40%-ით არის მომატებული.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @