
ელექტრომობილები იაფდება – მაგრამ არა აშშ-ში: რა ხდება აშშ-ს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის?
Apr 15, 2025
გლობალური ვაჭრობა რადიკალურად იცვლება, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების ფონზე. ტრადიციულად მჭიდრო პარტნიორობა აშშ-სა და ევროპას შორის ირღვევა, ხოლო ჩინეთი ცდილობს ევროკავშირი თავისკენ მიიზიდოს, განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებით.
აშშ-ის აგრესიულ პოლიტიკას ჩინეთი და ევროკავშირი აერთიანებს?
ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ძლიერი სავაჭრო კავშირებია, თუმცა ურთიერთობა ყოველთვის თანმიმდევრული არ ყოფილა. ევროკავშირი აკრიტიკებს ჩინეთის სუბსიდიებს EV ინდუსტრიაში, რაც დასავლელ მწარმოებლებთან მიმართებით უსამართლო უპირატესობად მიაჩნია. ამავე დროს, მხარეებს შორის უთანხმოებაა უკრაინის ომის საკითხშიც.
თუმცა, როცა აშშ-ის პოლიტიკა სულ უფრო მკაცრდება საკუთარი პარტნიორების მიმართ, ჩინეთი და ევროპა იწყებენ მოლაპარაკებებს სავაჭრო კავშირების გაღრმავების თაობაზე. ყველაზე მეტად ამით ჩინელი EV მწარმოებლები სარგებლობენ.
შარშანდელი მაღალი ტარიფების ნაცვლად, ახლა მხარეები განიხილავენ ჩინური EV-ების მინიმალური ფასების დაწესებას.
Reuters-ის ინფორმაციით: ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროეშ შევჩოვიჩმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენტაომ ბოლო 24 საათში განიხილეს ეს საკითხი და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.
ევროკავშირში ჩინური EV-ებზე მოქმედი ტარიფებია:
BYD – 17%
Geely – 18.8%
SAIC – 35.3%
Tesla (ჩინეთში წარმოებული EV-ები) – 7.8%
ყველაფერი ეს სტანდარტული 10%-იანი ტარიფის ზემოთ არის.
გერმანიის ავტომობილების ინდუსტრიის ასოციაცია მხარს უჭერს მოლაპარაკებებს, რადგან ჩინეთი წარმოადგენს გერმანული მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს, სადაც გაყიდვების მესამედი მოდის.
ჩინური ბრენდები – BYD, Chery, Geely და ბატარეების მწარმოებელი CATL – გეგმავენ ევროპაში ქარხნების აშენებას, რათა ტარიფებზე ნაკლებად დამოკიდებულნი გახდნენ.
რა ხდება აშშ-ში?
აშშ აგრძელებს 25%-იან ტარიფებს ავტომობილებსა და სათადარიგო ნაწილებზე, მაშინ როცა ჩინეთმა ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაზარდა. შედეგად, Tesla-მ Model S და Model X-ის გაყიდვები ჩინეთში შეაჩერა.
Tesla-მ მხოლოდ 1,553 Model X და 311 Model S გაყიდა ჩინეთში 2024 წელს – საერთო გაყიდვებთან შედარებით ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია. ჩინეთში მომხმარებლებს უკვე უამრავი ალტერნატივა აქვთ – BYD, Xpeng, Li Auto და სხვები.
Tesla-ის პრემიუმ მოდელები აღარ იყიდება ჩინეთში
Model S და Model X ამოღებულია Tesla-ს ჩინური საიტიდან. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ამჟამინდელი სავაჭრო ომის შედეგია.
აშშ-მა დააწესა 154%-იანი ტარიფი ჩინურ იმპორტზე, ხოლო ჩინეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს „ხუმრობაა“ და ამერიკის შემდგომ ნაბიჯებს არ დაემორჩილება.