
Mar 11, 2025
ტექნოლოგიების მომავალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით წინ მიდის. REGENT-მა, ამერიკულმა სტარტაპმა, რომელიც ინოვაციურ საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობს, მსოფლიოში პირველი სრულმასშტაბიანი ელექტრო ზღვისგლაიდერის საცდელი ფრენა-ტესტირება წარმატებით ჩაატარა.
აღნიშნული უნიკალური სატრანსპორტო საშუალება აერთიანებს როგორც ნავის, ისე თვითმფრინავის შესაძლებლობებს და მთლიანად ელექტროენერგიით იმართება. პირველი სრულმასშტაბიანი მოდელი Viceroy, რომელიც 12 მგზავრზეა გათვლილი, უკვე წყალზე გამოსცადეს.
REGENT-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა, მაიკ კლინკერმა, პირველი საცდელი ფრენის შემდეგ განაცხადა: "ზღვისგლაიდერების ერა ოფიციალურად დაიწყო!"

REGENT 2020 წლიდან მუშაობს ამ ტექნოლოგიაზე და სულ რაღაც ოთხ წელიწადში შეძლო სრულმასშტაბიანი მოდელის შექმნა და პირველი საცდელი ფრენის განხორციელება.
პროექტმა უკვე დიდი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. კომპანია REGENT-ს მარკ კუბანი, პიტერ ტილი და ლოკჰიდ მარტინი აფინანსებენ. მათი ნდობის დასტურად, კომპანიის შეკვეთების რაოდენობამ $9 მილიარდს გადააჭარბა.
როგორ მუშაობს ზღვისგლაიდერი?
ზღვისგლაიდერი სამ რეჟიმში ფუნქციონირებს:
დაცურავს – როგორც ტრადიციული ნავი
იწევს ჰიდროფოილზე – წყლის ზედაპირზე მაღლა დგება და წყლის წინააღმდეგობას ამცირებს
დაფრინავს – დაბალ სიმაღლეზე, წყლის ზედაპირთან ახლოს, რაც მას სწრაფი გადაადგილების საშუალებას აძლევს
ტრანსპორტი იდეალურია სანაპირო ქალაქებს შორის სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილებისთვის.
სიჩქარე და დიაპაზონი – რას უნდა ველოდოთ?
სიჩქარე: დაახლოებით 290 კმ/სთ
მგზავრობის მანძილი: დაახლოებით 333 კმ
ზღვისგლაიდერის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მთლიანად ელექტროა და გარემოს არ აბინძურებს. REGENT-ი უკვე გეგმავს ბატარეების გაუმჯობესებას, რაც მომავალში კიდევ უფრო შორ მანძილზე გადაადგილების საშუალებას მისცემს.
მომავალი გეგმები და სამხედრო დანიშნულება
REGENT-მა იანვარში ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 255,000 კვადრატული ფუტის ფართობზე განთავსდება. აქ მასობრივად დაიწყებენ ზღვისგლაიდერების წარმოებას, რაც მიანიშნებს, რომ ეს ტექნოლოგია მალე რეალურ კომერციულ ტრანსპორტად გადაიქცევა.
გარდა სამგზავრო ტრანსპორტისა, REGENT-ი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთანაც თანამშრომლობს, რაც ამ ტექნოლოგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობასაც ნიშნავს.