
BAIC-მა ახალი ნატრიუმ-იონური ბატარეის დეტალები გაასაჯაროვა: 450 კმ სვლის მარაგი და 11-წუთიანი დატენვა
Mar 25, 2026
ჩინურმა საავტომობილო ჯგუფმა BAIC Group-მა ახალი თაობის, ნატრიუმ-იონური (Sodium-ion) ბატარეის ტექნიკური მახასიათებლები ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული ტექნოლოგიური წინსვლა კომპანიას ტრადიციული, ლითიუმის ბატარეების ალტერნატივის კომერციალიზაციისკენ მიმავალ გლობალურ რბოლაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე აყენებს.
მთავარი ტექნიკური მონაცემები და სწრაფი დატენვა
ახალი ბატარეა, რომელიც BAIC-ის "Aurora" პლატფორმის ნაწილია, ინდუსტრიაში მოწინავე მონაცემებით გამოირჩევა:
სვლის მარაგი და სიმკვრივე: ბატარეა უზრუნველყოფს 450 კილომეტრის სვლის მარაგს, ხოლო მისი ენერგეტიკული სიმკვრივე 170 Wh/kg-ს აღემატება.
ულტრა-სწრაფი დატენვა: სისტემა მხარს უჭერს 4C სწრაფ დატენვას, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მარაგის სრულად შესავსებად მას სულ რაღაც 11 წუთი სჭირდება.
გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში და შემცირებული ფასი
ნატრიუმ-იონური ბატარეების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადობაა:
ტემპერატურული რეჟიმი: ბატარეა სტაბილურად მუშაობს -40°C-დან +60°C-მდე დიაპაზონში. უფრო მეტიც, -20°C ყინვაშიც კი ის სიმძლავრის 92%-ს ინარჩუნებს.
თვითღირებულება: მასალების სისტემიდან ლითიუმის სრულად ამოღებითა და ბიომასის მყარი ნახშირბადის (Biomass hard carbon) გამოყენებით, ახალი ბატარეის თეორიული ღირებულება სტანდარტულ LFP (ლითიუმ-რკინა-ფოსფატის) ბატარეებთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
უსაფრთხოების სტანდარტები და სამომავლო გეგმები
BAIC-ის კვლევისა და განვითარების (R&D) გუნდმა შეიმუშავა დატენვის სპეციალური, "ჭკვიანი მიწოდების" სტრატეგია, რომელიც მაღალი ძაბვით დატენვისას ბატარეის უარყოფით ელექტროდზე ნატრიუმის ლითონის საშიშ დალექვას გამორიცხავს. კომპანიის განცხადებით, ჩატარებული ტესტებისას 200%-იანი ზედმეტი მუხტის მიწოდებისა და 200°C-მდე გაცხელების შემთხვევაშიც კი, ბატარეას არც ცეცხლი გასჩენია და არც აფეთქებულა, რაც ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოების სტანდარტებს საგრძნობლად აღემატება.
450-კილომეტრიანი სვლის მარაგი სრულად ფარავს ყოველდღიური გადაადგილების მოთხოვნებს, შესაბამისად, BAIC აღნიშნულ ნატრიუმ-იონურ ბატარეებს სამომავლოდ A-სეგმენტის საოჯახო ავტომობილებში გამოიყენებს.