ელექტრომობილების სერვისის ახალი სტანდარტი საქართველოში - ინტერვიუ Solar Auto-ს სერვის ცენტრის ხელმძღვანელთან

Oct 8, 2025

ელექტრომობილების სწრაფად მზარდი მსოფლიო ბაზარი გავლენას ახდენს საქართველოზეც - ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი წლიდან წლამდე მატულობს. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, თუმცა ელექტრომობილების ზრდასთან ერთად ჩნდება ახალი გამოწვევები - სერვისის, საგარანტიო უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

სწორედ ამ მიმართულებით პოზიციონირებს Solar Auto - კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ავტომობილების გაყიდვაზეა ორიენტირებული, არამედ მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისულ ეკოსისტემას. ამ საკითხებზე გვესაუბრა Solar Auto-ს სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ვეფხია ყურუა.

- როგორია ელექტრომობილებზე მოთხოვნა 2025 წელს?

- 2025 წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც. წინა წელთან შედარებით აშკარად შესამჩნევია მომხმარებელთა მზარდი ინტერესი, რაც აისახა როგორც გაყიდვებზე, ისე ბაზრის დინამიკაზე.

თუ ადრე ელექტრომობილი იყო სიახლე, დღეს ის ნელ-ნელა ხდება ყოველდღიურობის ნაწილი - განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ეკონომიურობასა და ეკოლოგიას თანაბრად აფასებს.

- როგორია საქართველოს ბაზრის მდგომარეობა სერვისისა და გარანტიების თვალსაზრისით?

- მიუხედავად მზარდი ინტერესისა, საქართველოში ელექტრომობილების სერვისი და საგარანტიო მხარდაჭერა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. სწორედ ამიტომ, სოლარ ავტომ ბაზარზე შემოსვლისთანავე დანერგა სრული სერვისი და საგარანტიო მომსახურება.

ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მომხმარებლებს, ყურადღებით გაეცნონ საგარანტიო პირობებს და დარწმუნდნენ, რომ იციან, რა შედის და რა არა გარანტიაში. ეს დეტალი ხშირად გადამწყვეტია - სწორედ ხარისხიანი სერვისი განსაზღვრავს ავტომობილის ხანგრძლივ სიცოცხლესა და გამართულ მუშაობას.

– ხშირად ამბობენ, რომ ჩინური ელექტრომობილები ახალი მიმართულებაა ქართულ ბაზარზე. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

- მართალია - ჩინური ბრენდები საქართველოში შედარებით ახალია და მათთან დაკავშირებული ცოდნა ჯერ კიდევ იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას.

ამიტომაც, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ თანამშრომლების გადამზადებას ჩინეთში და ვდებთ სერიოზულ ინვესტიციებს ამ მიმართულებით.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სერვისი იყოს სწრაფი, ეფექტური და პროფესიონალური - ამის მიღწევა კი მხოლოდ ტექნოლოგიურ ცოდნასა და მუდმივ განვითარებაზეა დამოკიდებული.

- რომელი მიმართულებებია გადამზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი?

- პირველ რიგში, აქცენტი კეთდება პროგრამულ უზრუნველყოფასა და დიაგნოსტიკურ სისტემებზე - ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად განახლდება. მაგალითად, BYD-ის ბრენდი თითქმის ყოველ თვეში უშვებს ახალ მოდელს, რაც ჩვენგან მოითხოვს მუდმივ ცოდნის განახლებას.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა სათადარიგო ნაწილების მართვა და ტექნიკური სერვისი. ხშირად ფიქრობენ, რომ ელექტრომობილს სერვისი თითქმის არ სჭირდება, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა - სწორედ რეგულარული ტექნიკური შემოწმება უზრუნველყოფს ავტომობილის სრულფასოვან მუშაობასა და რესურსის ხანგრძლივობას.

- მხოლოდ მსუბუქი ელექტრომობილებია პოპულარული თუ ბიზნესების მხრიდანაც შეიმჩნევა ინტერესი?

- ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ინტერესიც და მოთხოვნაც სატვირთო და კომერციულ ელექტრომობილებზე, მათ შორის დატენვად ჰიბრიდებზე.

ბიზნესისთვის ეს განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ასეთი მოდელები ბევრად ეფექტურია ხარჯების თვალსაზრისით.

სოლარ ავტო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს - ვთავაზობთ ბიზნესებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ავტოპარკის ელექტრიფიკაციისთვის, დამტენების მონტაჟითა და ტექნიკური მხარდაჭერით. დაინტერესება ამ მიმართულებით ყოველდღიურად იზრდება.

- როგორ ემზადებით ახალი მოდელების შემოსაყვანად?

- ნებისმიერი ახალი მოდელის დამატების წინასწარ ვამზადებთ შესაბამის ბაზას - ვამატებთ სათადარიგო ნაწილებს, ვამზადებთ ტექნიკურ ჯგუფს და ვამყარებთ პროგრამულ მხარდაჭერას.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს სრული მომსახურება ერთ სივრცეში - ელექტრომობილის შეძენიდან ყოველდღიურ სერვისამდე.

ელექტრომობილების ეპოქა უკვე დადგა, თუმცა წარმატება მხოლოდ გაყიდვებში არ იზომება - ის იზომება მომხმარებლის გამოცდილებითა და სერვისის ხარისხით. Solar Auto ქმნის ეკოსისტემას, სადაც ყოველი ეტაპი - ავტომობილის არჩევიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე - ერთიანი სტანდარტით იმართება.

„ელექტრომობილის შენახვა და მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეძენა. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მომხმარებელმა იგრძნოს, რომ მისი ავტომობილი დაცულია - ცოდნით, სერვისით და მხარდაჭერით”, - აღნიშნავს ვეფხია ყურუა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @