
რატომ იგვიანებს Tesla-ს ბიუჯეტური ელექტრომობილი? ხელმისაწვდომი Model Y ჯერ არ გამოვა
Apr 23, 2025
Tesla-ს მიერ დიდი ხნის წინ დაანონსებული გეგმა, აშშ-ში გამოუშვას თავისი ყველაზე გაყიდვადი ელექტრო SUV-ის – Model Y-ის იაფი ვერსია, დროებით გადადებულია. ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-ს სამი ინფორმირებული წყაროსგან მიაწოდეს.
შიდა კოდური სახელწოდებით E41, ახალი მოდელის წარმოება თავდაპირველად წლის პირველ ნახევარში იგეგმებოდა და მას დიდი იმედები უკავშირდებოდა, როგორც გაყიდვების ზრდის, ისე ბაზრის ხელახალი გააქტიურების მხრივ. თუმცა, ახლა პროექტი მინიმუმ რამდენიმე თვით გადაიდო. წყაროების თქმით, Tesla განიხილავს წარმოების დაწყებას 2025 წლის მესამე კვარტლიდან ან უარეს შემთხვევაში – 2026 წლის დასაწყისიდან.
ორი წყაროს ინფორმაციით, კომპანია 2026 წლისთვის აშშ-ში 250,000 ერთეულის წარმოებას გეგმავს. ასევე დაგეგმილია E41-ის წარმოება ჩინეთსა და ევროპაშიც, თუმცა ევროპული ბაზრის კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია.
Tesla-ს იაფფასიანი მოდელების მიმართ ინტერესი დიდი ხანია არსებობს როგორც მომხმარებლების, ისე ინვესტორების მხრიდან. მათ იმედი აქვთ, რომ ეს მოდელები კომპანიას დაუბრუნებს დაკარგულ პოზიციებს ბაზარზე.
დამატებითი გამოწვევები
Tesla-ს წინაშე ამ ეტაპზე რამდენიმე სერიოზული გამოწვევაა:
კომპანიამ 2024 წელს პირველად დააფიქსირა წლიური მიწოდებების კლება
ექსპერტების პროგნოზით, გაყიდვები 2025 წელსაც შემცირდება
ტესლას იმიჯზე გავლენას ახდენს CEO ილონ მასკის ღიად გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ
ავტომობილების ფასები იზრდება, ლოგისტიკური ჯაჭვები კი კვლავ არასტაბილურია
შესაბამისად, Tesla-მ შეაჩერა გეგმები ჩინეთიდან აშშ-ში კომპონენტების გადმოტანასთან დაკავშირებით თავისი სხვა პროექტებისთვის – მაგალითად Cybercab და Semi truck-ისთვის. ამას გარდა, კომპანიამ გაზარდა ჩრდილოეთ ამერიკაში ნაწარმი ნაწილების წილი, რაც სავარაუდოდ შეამცირებს საბაჟო ტარიფების ზეგავლენას E41-ზე.
Tesla-ს ბიუჯეტური მოდელის დაყოვნებამ შესაძლოა კომპანიის ბაზრის წილზე და სანდოობაზე იმოქმედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურენტები, მათ შორის BYD, სწრაფად აფართოებენ იაფფასიანი EV-ების სეგმენტს.