
Volkswagen-ს ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილი პირველად გამოჩნდა საჯაროდ
Jun 13, 2025
Volkswagen-ს ახალი ელექტრომობილი, ID.2, საბოლოოდ გამოჩნდა სატესტო გზებზე – რაც საშუალებას გვაძლევს, ახლოდან შევაფასოთ, როგორი იქნება მისი სერიული ვერსია.
ელექტრომობილი პირველად დააფიქსირეს გერმანიაში, Nürburgring-ის მახლობლად. მიუხედავად იმისა, რომ მას Polo-ს ძველი კორპუსის კამუფლაჟი ფარავს, იკითხება, რომ მოდელი მსგავსია იმ კონცეფციისა, რომელიც კომპანიამ 2023 წელს წარადგინა. გარკვეული ცვლილებები მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით წინა და უკანა ფარების დიზაინში.
Volkswagen-ის ინჟინრების თქმით, ID სერიის სრულ განახლებას ველით და ამის პირველი ნაბიჯი სწორედ ID.2 იქნება, რომლის ბაზაზეც შეიქმნება კომპანიის ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილების ხაზი. მოდელი აგებულია განახლებულ MEB+ პლატფორმაზე, რაც უზრუნველყოფს უფრო დიდ დიაპაზონსა და სწრაფ დატენვას – 10%-დან 80%-მდე სულ რაღაც 20 წუთში.
ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ დიზაინში VW-ს კლასიკური მოდელების – Golf-ის, Polo-სა და Beetle-ის შთაბეჭდილებები აისახება. სალონში დამონტაჟებულია 12.9-დუიმიანი მულტიმედია ეკრანი და 10.9-დუიმიანი ციფრული პანელი მძღოლისთვის, ხოლო მართვის რეჟიმების ცვლილებით დისპლეის ვიზუალი კლასიკურ VW მოდელებს ემსგავსება.


ID.2-ის შემდეგ, კომპანია გეგმავს SUV ვერსიის გამოშვებას და კიდევ უფრო პატარა მოდელის – ID.1-ის წარდგენას 2027 წელს.
ამასთან, SEAT S.A., რომელიც Volkswagen Group-ის ურბანული ელექტრომობილების განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს, უკვე აწარმოებს ახალ მოდელზე საჭირო პირველ კომპონენტებს, ხოლო ბატარეების მონტაჟი ესპანეთში, Martorell-ის ქარხანაში დაიწყო.