
Toyota-ს ახალი ელექტრომობილების სტრატეგია: თუ ვერ ამარცხებ ჩინეთს - შეუერთდი მას
Aug 15, 2025
“თუ ვერ ამარცხებ, შეუერთდი” - სწორედ ასეთია Toyota-ს ახალი სტრატეგია. კომპანია ჩინეთთან ერთიანდება, რათა შეამციროს ხარჯები და დააჩქაროს ახალი ელექტრომობილების გამოშვება.
მსოფლიოს უდიდესი ავტო მწარმოებელი გეგმავს, რომ ჩინეთის შესაძლებლობები გამოიყენოს გლობალურ ბაზარზე უპირატესობის მისაღებად. Toyota უკვე იწყებს ჩინური მომწოდებლებისგან ნაწილების შესყიდვას უცხოეთში დასამზადებელი ელექტრომობილებისთვის.
Nikkei-ს ინფორმაციით, კომპანია ზრდის ჩინეთში წარმოებული ნაწილებისა და კომპონენტების გამოყენებას ტაილანდის საწარმოში, რომელიც Toyota-სთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე დიდი წარმოების ჰაბია.
ისტორიულად, იაპონურ ბრენდებს ამ რეგიონში გაყიდვების ლიდერობა ეკავათ, თუმცა BYD-ის მსგავსი ჩინური კომპანიების დაბალფასიანი და ტექნოლოგიურად მდიდარი ელექტრომობილები სწრაფად იკრებენ პოპულარობას.
ტაილანდში იაპონური ბრენდების წილი ახალი მანქანების გაყიდვებში ადრე 90%-ს აღწევდა, მაგრამ 2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 71%-მდე დაეცა. იმავდროულად, ჩინური ბრენდების წილი 16%-მდე გაიზარდა.
რამდენიმე წყაროს ცნობით, Toyota უკვე იყენებს ჩინურ კომპონენტებს ტაილანდში წარმოებისთვის. კომპანია გეგმავს, რომ ამ ჰაბიდან უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები გამოუშვას უკვე 2028 წლიდან.
Toyota-ს მიზანია, ხარჯები დაახლოებით 30%-ით შეამციროს ჩინეთიდან ნაწილების შეძენის გზით.
ერთ-ერთი მაგალითია ელექტრო SUV bZ3X, რომელიც დამზადებულია GAC-Toyota-ს ერთობლივ საწარმოში.
Toyota-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მსგავსი მიდგომა - ჩინური კომპონენტების გამოყენება - გავრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც.
ივნისში ჩატარებულ EV Tech Day ღონისძიებაზე Toyota-მ გამოაცხადა თანამშრომლობა ისეთი გიგანტებთან, როგორიცაა Xiaomi, Momenta და Huawei.
ასევე, გასულ თვეში კომპანიამ დაიწყო ახალი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა Lexus-ისთვის ჩინეთში - ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა უცხოურმა ავტო მწარმოებელმა მთლიანად საკუთრებაში არსებული საწარმო გახსნა ქვეყანაში (პირველი იყო Tesla).