
Tesla-მ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობა ჩინურ BYD-ს დაუთმო
Jan 5, 2026
სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით
Tesla-მ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობა ჩინურ BYD-ს დაუთმო
Tesla-ს გაყიდვები უკვე მეორე წელია მცირდება
აშშ-ში საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ ბაზარზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია
Tesla-ს სტრატეგია იცვლება, კომპანია ძირითად რესურსს რობოტიზაციასა და თვითმართვად ტექნოლოგიებში დებს
Tesla-მ პირველობა დაკარგა, ელექტრომობილების ბაზარზე ჩინური BYD გახდა ლიდერი
Tesla-მ მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლის სტატუსი ჩინურ BYD-ს დაუთმო. კომპანიის წლიური გაყიდვები ზედიზედ მეორე წელია მცირდება, რაც მზარდი კონკურენციით, აშშ-ში საგადასახადო შეღავათების გაუქმებითა და თავად ბრენდის გარშემო შექმნილი ნეგატიური ფონითაა განპირობებული.
გასულ წელს, როდესაც ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი 28%-ით გაიზარდა, BYD-მ Tesla-ს წლიური მაჩვენებლებით პირველად გადაასწრო. ჩინური გიგანტის წარმატება დიდწილად ევროპაში მისმა სწრაფმა გაფართოებამ განაპირობა.
2025 წელს Tesla-ს გაყიდვები დაახლოებით 8.6%-ით შემცირდა. ევროპაში კონკურენცია იზრდება. ამ ფონზე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კომპანია ავტოწარმოების გაძლიერებას, რადგან ილონ მასკი ძირითად ყურადღებას რობოტაქსებსა და ჰუმანოიდ რობოტებზე ამახვილებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 2%-ით გაუფასურდა.
საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ Tesla-ს დარტყმა მიაყენა
Tesla-ს მეოთხე კვარტლის მაჩვენებლების გაუარესება გარკვეულწილად წინა კვარტლის ხელოვნურმა აქტივობამ განაპირობა: სექტემბერში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 7,500-დოლარიანი ფედერალური შეღავათი გაუქმდა, რის გამოც მომხმარებლები მესამე კვარტალში ავტომობილების სასწრაფოდ შესყიდვას ცდილობდნენ.
J.D. Power-ის მონაცემებით, აშშ-ში, გასულ კვარტალში, ელექტრომობილების წილმა ავტომობილების მთლიან საცალო გაყიდვებში 6.2% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია. ამავდროულად, ელექტრომობილის საშუალო ფასმა თითქმის 6,000 დოლარით მოიმატა და 53,300 დოლარს მიაღწია.
ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში Tesla-მ 418,227 ავტომობილი გაყიდა. ეს 15.6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (495,570).
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, Tesla-მ ჯამურად 1.64 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს (1.79 მილიონი) ჩამოუვარდება. თუმცა გაყიდვების კლება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საგადასახადო შეღავათების გაუქმების შემდეგ მოთხოვნის ვარდნას ბაზარი ისედაც ელოდა.
კონკურენცია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში
ჩინური და ევროპული ავტომწარმოებლების, BYD-ის, Volkswagen-ისა და BMW-ს, მხრიდან მზარდმა კონკურენციამ Tesla-ს გაყიდვების დინამიკაზე უარყოფითად იმოქმედა. დეკემბერში ევროპის უმეტეს ნაწილში Tesla-ს რეგისტრაციები შემცირდა, გარდა ნორვეგიისა, სადაც რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა.
BYD-ის განცხადებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ 1 მილიონს მიაღწია (150%-იანი ზრდა). კომპანიის მიზანია, 2026 წელს საგარეო ბაზრებზე 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდოს.
გაყიდვების მოცულობის შესანარჩუნებლად, ოქტომბერში Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის შედარებით ბიუჯეტური ვერსიები გამოუშვა, რომლებიც საბაზისო მოდელებზე 5,000 დოლარით იაფია. თუმცა ამ ნაბიჯმა ზოგიერთ ინვესტორს იმედი გაუცრუა, რადგან ისინი ფასების უფრო მკვეთრ კლებას ან სრულიად ახალი, მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტის წარდგენას ელოდნენ.