ადრე თუ გვიან, ყველა ავტომობილი ელექტრომობილით ჩანაცვლდება - მევლუდ მელაძე

Feb 11, 2025

თანამედროვე სამყაროში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ელექტრომობილები გარდა იმისა, რომ გარემოს ნაკლებად აბინძურებს, მომხმარებელს ეკონომიურ და კომფორტულ ალტერნატივას სთავაზობს. 

ელექტრომობილების უპირატესობებზე, გამოწვევებზე და მომავლის პერსპექტივებზე EVnews.ge ტრანსპორტის საკითხების ექსპერტს და „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძეს ესაუბრა.

ელექტრომობილების მთავარი უპირატესობები

  • ელექტრომობილების მთავარი უპირატესობა მათი ეკონომიურობაა. ისინი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და სერვისის ხარჯებიც მინიმალურია. გარდა ამისა, ელექტრომობილები პრაქტიკულად უხმოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანული გარემოსთვის. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით, გარკვეულ სივრცეებში ხმაურიანი ავტომობილების გადაადგილება საერთოდ იკრძალება, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ელექტროძრავიანი ტრანსპორტისთვის.

ელექტრომობილები განსაკუთრებული პრივილეგიებითაც სარგებლობენ – მრავალ ქვეყანაში (ასევე საქართველოშიც) მათთვის გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები და უფასო დამტენები.

ეკოლოგიური სარგებელი და ბატარეების წარმოება

  • ელექტრომობილების ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ეკოლოგიურობაა – ისინი არ გამოყოფენ მავნე გამონაბოლქვს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას. თუმცა, ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ლითიუმის ბატარეების წარმოების პროცესში გამოიყოფა მავნე ნივთიერებები. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ბატარეების წარმოებას ბევრად ეკოლოგიურად უსაფრთხოს ხდის.

საბოლოო ჯამში, ელექტრომობილების გავლენა გარემოზე გაცილებით მცირეა, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

სერვისი და ტექნოლოგიური პროგრესი

  • ელექტრომობილები სერვისის მხრივაც გაცილებით უფრო მარტივი მოსავლელია – მათ არ სჭირდებათ ხშირი ზეთის ცვლა და ძრავის ცვეთადი ნაწილების ჩანაცვლება. თუმცა, პერიოდულად საჭიროა პროგრამული განახლებები, რადგან ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციების ინტეგრაცია აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, რომ ბატარეების ტევადობაც მუდმივად იზრდება. თუ რამდენიმე წლის წინ მათი მაქსიმალური სიშორე შეზღუდული იყო, ახლა მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რათა ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრის დაფარვა გახდეს შესაძლებელი.

ფასები და ხელმისაწვდომობა

  • დღესდღეობით ელექტრომობილების ფასი შედარებით შემცირებულია, განსაკუთრებით ჩინური ბრენდების ბაზარზე გაჩენის შედეგად. თუმცა, ისინი ჯერ კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი მანქანები. იმისთვის, რომ მოსახლეობამ უფრო მარტივად გადაინაცვლოს ელექტრომობილებზე, ბევრ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო სუბსიდიები და შეღავათები.

ვფიქრობ, საქართველოშიც დროა, რომ სახელმწიფომ შექმნას მსგავსი პროგრამები, რადგან ელექტრომობილებზე გადასვლა ნიშნავს სუფთა გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ენერგოეფექტურ ტრანსპორტს.

რა გამოწვევები არსებობს საქართველოში?

  • ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში თანდათან იზრდება, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია. მთავარი გამოწვევა დამუხტვის სადგურების სიმცირეა – მომხმარებლებს ხშირად უჭირთ დამუხტვის წერტილების პოვნა. გარდა ამისა, ქვეყანაში ელექტრომობილების შემოდინება ქაოტურად მოხდა, რის გამოც სხვადასხვა ტიპის დამტენები და დასამუხტი სისტემები არსებობს, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრომობილების სერვისის ნაკლებობაა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ელექტრომობილების ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

რომელ მოდელს გამოარჩევდით? 

  • ბოლო პერიოდში არაერთი ელექტრომობილი დავტესტე და ჩემი ფავორიტებიც მყავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩინურ ბრენდებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ დასავლურ მწარმოებლებს და უკვე ბევრ კომპონენტში საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ეკუთვნის?

  • ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, ყველა ავტომობილი ელექტრომობილით ჩანაცვლდება. საწვავის რესურსები ნელ-ნელა იწურება და საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას. ელექტროენერგია კი განახლებადი და მუდმივად ხელმისაწვდომია. მზის ენერგიაც ყოველთვის იარსებებს, სანამ პლანეტა არსებობს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი ელექტროა – ელექტრომობილების ბატარეები მზის ენერგიით იტენება, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ელექტროენერგიის წყაროებს უფრო ხელმისაწვდომს და ეკონომიურს ხდის.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @