როგორ ვითარდება ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა საქართველოში?

Oct 15, 2025

ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში სწრაფად იზრდება, რაც ახალ მოთხოვნებს აჩენს დამტენი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. ბოლო წლებში ქვეყანაში გაჩნდა არა ერთი კერძო კომპანია, რომელიც ცდილობს შექმნას თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ენერგოინფრასტრუქტურა. 

მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი არის Solar Station - ქართული კომპანია, რომელიც სწრაფი დამტენების ქსელის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. კომპანიის განვითარების მენეჯერი შოთა ბექაური გვესაუბრა ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე, ქსელის გაფართოების გეგმებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სწრაფი დამტენების განვითარებას თან სდევს.

- როგორია ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე მოთხოვნა საქართველოში ბოლო პერიოდში?

- გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა მოთხოვნა დამტენი სადგურების დაყენებაზე. ეს პირდაპირ უკავშირდება ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას ქვეყანაში - რაც უფრო მეტი ავტომობილი მოძრაობს ელექტროზე, მით უფრო აქტუალური ხდება დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება.

დღეს უკვე მომხმარებლები თავად ინტერესდებიან, სად შეძლებენ სწრაფად და უსაფრთხოდ დამუხტვას - ეს მიგვანიშნებს, რომ ბაზარი მომწიფების ეტაპზეა და ინფრასტრუქტურის გაფართოება გარდაუვალია.

- სად აქვს Solar Station-ს უკვე დამონტაჟებული სადგურები და რა გეგმები გაქვთ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით?

Solar Station-ის სადგურები დღეს უკვე მოქმედებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ასევე შიდა ქართლსა და ქვედა ქართლში.

მომხმარებლებს შეუძლიათ სადგურების ლოკაციების ნახვა კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მარშრუტის დაგეგმვას.

რაც შეეხება მომავალს - წელს ვგეგმავთ მინიმუმ 20 ახალი სწრაფი დამტენის დამონტაჟებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მიზანია, მძღოლებმა შეძლონ კომფორტული გადაადგილება ქვეყნის ყველა რეგიონში, ზღვიდან მთამდე, ისე რომ დამუხტვა აღარ იყოს გამოწვევა.

- სწრაფი დამტენების განვითარება დიდ ინვესტიციასა და ტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვს. როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით?

- სწრაფი დამტენების განვითარება ნამდვილად არ არის მარტივი - ეს მოითხოვს მაღალ კაპიტალდაბანდებას, ტექნიკურ გეგმას და პარტნიორობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორთან.

ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუ იქნება ინტერესი ან ინიციატივა ერთობლივი განვითარებისკენ. ასეთი თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ერთიანი, სტაბილური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დამტენი ინფრასტრუქტურა საქართველოში.

საქართველოს ელექტრომობილების ბაზარი განვითარების ახალ ფაზაში შედის - სადაც ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და ტექნოლოგია ერთმანეთთან ერთად ვითარდება. Solar Station-ის მიზანია, ეს ტრანსფორმაცია მაქსიმალურად დააჩქაროს და მომხმარებლებს მისცეს თავისუფლება იმოძრაონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, დამუხტვის შეზღუდვების გარეშე.

„ელექტრომობილების მომავალი მხოლოდ მანქანებზე კი არა, მათ დამტენებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება”, - აღნიშნავს შოთა ბექაური.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @