Ford-ის CEO: ჩინური EV-ები ფასით, ხარისხით და ტექნოლოგიით ბევრად უსწრებენ ამერიკულ კონკურენტებს

Jul 8, 2025

ბოლო თვეებში ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა – ისინი არა მხოლოდ იაფია, არამედ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით, როგორიცაა თვითმმართავი სისტემა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები.

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი აცხადებს, რომ ჩინეთმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ელექტრომობილების ბაზარი.  Aspen Ideas Festival-ზე სიტყვით გამოსვლისას, ჯიმ ფარლიმ აღნიშნა, რომ ჩინეთში წარმოებული მანქანები ფასით და ხარისხით აშკარად სჯობნიან დასავლურ მოდელებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც Ford-ის, ისე მთლიანად ამერიკული ავტოინდუსტრიის მომავალს:

“ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვართ ჩინეთთან – და ეს მხოლოდ ელექტრომობილებს არ ეხება. თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, Ford-ს მომავალი აღარ ექნება,” – აღნიშნა ფარლიმ.

“და თუ ამერიკული ბრენდები არ გამოიღვიძებენ, შეიძლება თამაშს მთლიანად ჩამორჩნენ”, – ამბობს ის.

რა უპირატესობები აქვს ჩინურ ელექტრომობილებს ამერიკულებთან შედარებით?

1. ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება

ჩინეთში გაყიდული ახალი ავტომობილების თითქმის ნახევარი ელექტროა, ხოლო აშშ-ში მხოლოდ 10%.

აშშ-ში საშუალო ელექტრომობილი დაახლოებით $57,000 ღირს, როცა ჩინეთში ეს მაჩვენებელი $31,500-ის ფარგლებშია.

მაგალითად, BYD-ის მოდელი Seagull ჩინეთში $10,000-ზე ნაკლად იყიდება – მაშინ როცა აშშ-ში ყველაზე იაფი Nissan Leaf ღირს $32,000.

2. პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიები

ჩინური ავტომწარმოებლები ტექნოლოგიური კომპანიებიდან წამოსულები არიან. მაგალითად, BYD ადრე მობილურის ბატარეებს აწარმოებდა, XPeng კი ახლა ფრინავ მანქანებსა და ჰუმანოიდ რობოტებზე მუშაობს.

მათ მანქანებში ინტეგრირებულია თვითმართვა, ხმოვანი მართვა, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები და სხვა ინოვაციური ფუნქციები – ეს ყველაფერი ხშირად სტანდარტულად მოყვება.

Huawei და Xiaomi უკვე შემოვიდნენ ავტომობილების ბაზარზე და შექმნეს სრულიად ციფრული გამოცდილება:

“მანქანაში ჯდები და ტელეფონის დაკავშირება არ გჭირდება – შენი მთელი ციფრული ცხოვრება ავტომატურად აისახება მანქანაში,” – ამბობს ფარლი.

ტრადიციულ ამერიკულ ბრენდებს ჩინელებთან კონკურენცია ურთულდებათ.

3. მიწოდების ჯაჭვზე სრული კონტროლი

ჩინეთი ფაქტობრივად აკონტროლებს მსოფლიოში არსებული ლითიუმ-ფოსფატური (LFP) ბატარეების წარმოებას.

Ford, Tesla და Toyota ხშირად სწორედ ჩინური ბატარეების გიგანტების – CATL-ის და BYD-ის პროდუქციას იყენებენ.

გარდა ამისა, ჩინეთი ლიდერია იშვიათი მიწის მაგნიტების წარმოებაში, რაც საშუალებას აძლევს მათ კომპონენტების უმეტესობა თავად აწარმოონ და მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები.

აშშ-ის მცდელობები ჩამორჩენის შესამცირებლად კვლავ საწყის ეტაპზეა:

Ford და Tesla აშენებენ ბატარეების ქარხნებს მიჩიგანსა და ნევადაში, თუმცა Ford-ის გეგმებშია ამ ქარხნებისთვის საჭირო ტექნოლოგიის ლიცენზირება სწორედ CATL-ისგან.

“ჩვენ გვინდა კონკურენცია – მაგრამ ამ ეტაპზე იგივე შენობაში კი არა, იმავე ქუჩაზეც კი არ ვიმყოფებით,” – ამბობს EV კონსულტანტი ტუ ლი (Tu Le).

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ამერიკულ ავტომწარმოებლებს მხოლოდ ერთი გზა აქვთ – ძირეული რეფორმები და ინვესტიცია ტექნოლოგიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინური ელექტრომობილები ბაზარს მთლიანად დაიპყრობენ.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @