
ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების წილი 2025 წელს 50%-ს გადააჭარბებს
Dec 30, 2024
ჩინეთის მიზანი, რომ 2035 წლისთვის ბაზარზე ელექტრომობილების წილმა 50%-ს მიაღწიოს, ახლა 10 წლით ადრე, 2025 წელს შესრულდება. UBS, HSBC, Morningstar და Wood Mackenzie პროგნოზირებენ, რომ ბატარეებზე მომუშავე ავტომობილები მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე ნახევარზე მეტ წილს დაიკავებენ, წერს Financial Times. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინელები 12 მილიონ ელექტრომობილს შეიძენენ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. თუ ტენდენცია გაგრძელდება, ჩინეთი შეძლებს მწვანე მიზნის მიღწევას ევროპამდე და დაგეგმილზე 10 წლით ადრე.
პროგნოზების მიხედვით, 2034 წლისთვის ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები ჩინეთში 18 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა კი შემცირდება და 2034 წლისთვის გაყიდვების რაოდენობა 3 მილიონ ერთეულამდე დაეცემა. ამავე დროს, იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობაც. 2025 წელს გაყიდული plug-in hybrid-ების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, ხოლო 2033 წელს ექვს მილიონ ერთეულს გადააჭარბებს.
საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან ერთად, ჩინეთის ბაზარზე პოპულარობას და შესაბამისად წილს კარგავენ უცხოური ავტომწარმოებლები. 2024 წელს უცხოური ავტომობილების წილი 37%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა.