BMW-ის დიდი ნაბიჯი ელექტრომობილების ტექნოლოგიაში - სწრაფი დამუხტვა და გაზრდილი მანძილი

Feb 27, 2025

BMW-მ ელექტრომობილების ტექნოლოგიაში დიდი ნაბიჯი გადადგა – ავტომწარმოებელმა მეექვსე თაობის eDrive სისტემა წარადგინა. აღნიშნული სისტემა მოიცავს უახლეს 800V ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება Neue Klasse-ის მომავალი მოდელებისთვის.

800V არქიტექტურა და ცილინდრული ელემენტები

ახალი ბატარეის სისტემა ცილინდრულ ელემენტებზე გადასვლას გულისხმობს. კომპანია იყენებს ორ ტიპის ელემენტს: 4695 (46მმ დიამეტრი, 95მმ სიმაღლე) სედანებისა და სპორტული მანქანებისთვის და 46120 (46მმ დიამეტრი, 120მმ სიმაღლე) SUV-ებისთვის. ახალი „cell-to-pack“ დიზაინი ბატარეის მოდულებს აღარ საჭიროებს, რაც მანქანებს უფრო მსუბუქსა და ენერგოეფექტურს ხდის.

ახალი სისტემა 30%-ით უფრო სწრაფი დამუხტვის და 30%-ით გაზრდილი სვლის მარაგის საშუალებას იძლევა. BMW-ის თქმით, მხოლოდ 10 წუთში შესაძლებელია 300 კმ-ის (186 მილის) დამუხტვა, თუმცა კომპანიას ჯერ არ გაუმჟღავნებია ზუსტი დატენვის სიმძლავრე.

BMW Energy Master – ახალი კონტროლის ერთეული მართავს ძაბვის (400V-დან 800V-მდე) გადართვას, ბატარეის გაგრილებას და ენერგიის გადანაწილებას. ის მანქანის უკანა სავარძლების მახლობლად არის განთავსებული, რაც მომსახურებას ამარტივებს.

Neue Klasse-ის პლატფორმა იძლევა მოქნილობას ძრავების კონფიგურაციაში: მანქანებს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ოთხი ძრავა, რაც მაქსიმალურ კონტროლს უზრუნველყოფს. უკანა ელექტროძრავებში სპეციალური მექანიზმია, რომელიც სიჩქარის მიხედვით გადაცემათა შეფარდებას არეგულირებს.

გამოშვება და მომავალი მოდელები

Neue Klasse-ის ელექტრომობილების წარმოება 2025 წლის აგვისტოში უნგრეთში, დებრეცენის ქარხანაში დაიწყება. პირველი მოდელი X3-ის ზომის ელექტრო SUV იქნება, ხოლო 2026 წელს მას 3 Series-ის ელექტრო ვერსია მოჰყვება.

BMW-ის თქმით, ახალი ტექნოლოგია 40%-ით უფრო ეფექტური, 20%-ით იაფი და 10%-ით მსუბუქი იქნება წინა მოდელებთან შედარებით. ასევე, კომპანიის მიზანია წარმოების პროცესში CO2 ემისიების და ხარჯების 50%-ით შემცირება.

"ჩვენი მიზანია მომხმარებლებს საუკეთესო ელექტრომობილები შევთავაზოთ და გავხდეთ ამ ინდუსტრიის ლიდერი”, - აღნიშნავს BMW-ის წარმომადგენელი, დოქტორ იოახიმ პოსტი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @