
BMW-მ მსოფლიოში პირველი AI-ავტომობილების ქარხანა გახსნა, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართება
Sep 23, 2025
BMW იწყებს ახალი iX3 Neue Klasse ელექტრო SUV-ის წარმოებას უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, მსოფლიოში პირველ ქარხანაში, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართება.
ეს ქარხანა არა მხოლოდ 800 კილომეტრის სავალი დიაპაზონის მქონე ავტომობილებს აწარმოებს, არამედ ახალ ეპოქას ხსნის ავტომწარმოებელ ინდუსტრიაში.
AI ქარხანა - ციფრული წარმოების დასაწყისი
დებრეცენის ქარხანა თავიდანვე შეიქმნა „ციფრულ ტყუპად“ (digital twin) - ჯერ ვირტუალურად დაიგეგმა და მხოლოდ შემდეგ აშენდა. ინჟინრებმა AI და სიმულაციები გამოიყენეს ყველა ოპერაციის შესამოწმებლად, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს და პროცესების გამართულობას.
სრულად ამოქმედების შემდეგ, 1,000-ზე მეტი რობოტი და თანამშრომელი იმუშავებს AI სისტემების კონტროლით, რაც საწარმოო პროცესს გახდის უფრო ეფექტურს და ზუსტს.
BMW-ის წარმოების ხელმძღვანელმა მილან ნედელიკოვიჩმა აღნიშნა: „BMW iX3-ის სერიული წარმოების დაწყება ავტომობილების ინდუსტრიის ახალ ეპოქას აღნიშნავს. დებრეცენის ქარხანა თავიდანვე შეიქმნა ჩვენი iFactory ხედვის შესაბამისად - ციფრული, განახლებადი ენერგიაზე დაფუძნებული და მასშტაბირებადი.“
გარდა ავტომატიზაციისა, ქარხანა ახალ სტანდარტებს აწესებს ეკოლოგიურობაში:
90%-ით ნაკლები CO₂ ემისია ტრადიციულ ქარხნებთან შედარებით;
საღებავის საამქროს ელექტრიფიკაცია, რის შედეგადაც წელიწადში 12,000 ტონა ემისია იჭრება;
ენერგიის დაახლოებით 25% მიიღება 50 ჰექტარზე გაშენებული სოლარ ფერმიდან.
ქარხნის დირექტორი ჰანს-პეტერ კემსერი აცხადებს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულიად ახალი ქარხნის პირველივე პროექტად სრულიად ახალი ავტომობილის წარმოება დაგვეგეგმა და ეს გავაკეთეთ მაქსიმალურად ეფექტურად.“
დებრეცენის AI-ქარხანა არა მხოლოდ BMW-ისთვის, არამედ მთელი ავტომწარმოებელი ინდუსტრიისთვისაა ისტორიული ნაბიჯი. აქედან იწყება ციფრული, ეკოლოგიური და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მანქანათმშენებლობის ახალი ეპოქა.