
Audi ახალ ელექტრო სპორტულ ავტომობილს ამზადებს
Jan 10, 2026
Audi-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუშაობს ახალ ორადგილიან ელექტრო სპორტულ ავტომობილზე, რომელიც ლეგენდარული Audi TT-ის სულიერი მემკვიდრე იქნება. მომავალი მოდელი შთაგონებულია Audi Concept C-ით, რომელიც პირველად გასულ წელს წარადგინეს და რომელიც, მიუხედავად კონცეპტუალური სტატუსისა, უკვე საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას იძლევა სერიულ ვერსიაზე.

ახალი სპორტული ავტომობილი Audi-ისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი EV - ის უნდა გახდეს ბრენდის ახალი დიზაინერული ეპოქის დასაწყისი და ემოციური იმიჯის აღდგენის მთავარი ინსტრუმენტი.
ბოლო წლებში Audi რთულ პერიოდს გადის: გაყიდვების შემცირება, გაუმართლებელი სახელდების პოლიტიკა და ისეთი საკულტო მოდელების გაქრობა, როგორიცაა TT და R8, ბრენდს აშკარად დააკლდა „სანახაობრივი“ ფლაგმანი.
Audi-ის CEO ახალ სპორტულ მოდელს პირდაპირ „TT Moment 2.0“-ად მოიხსენიებს - ავტომობილად, რომელიც უნდა გახდეს ბრენდის რებრენდინგის სიმბოლო და ბაზარზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი. დაგეგმილია, რომ მოდელი ბაზარზე 2027 წელს გამოვიდეს.

ოფიციალურად პლატფორმა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ახალი Audi აშენდება იმავე არქიტექტურაზე, რომელზეც მომავალი Porsche 718 თაობა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Porsche თავდაპირველად ამ პლატფორმას მხოლოდ ელექტროზე გეგმავდა, მოგვიანებით გადაწყდა მისი ადაპტირება შიდა წვის ძრავებისთვისაც. ეს ტოვებს შესაძლებლობას, რომ მომავალში Audi-ის სპორტულ მოდელსაც ჰქონდეს არაელექტრული ან ჰიბრიდული ვერსია, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად მხოლოდ ელექტრული ვარიანტი არის დადასტურებული.

Concept C-ის მიხედვით, სერიული მოდელი:
იქნება ელექტრული
სავარაუდოდ მიიღებს უკანა წამყვანს (RWD) საბაზისო ვერსიაში
მოსალოდნელია Quattro სრულამძრავი სისტემის შეთავაზებაც
განიხილება „ციფრული გადაცემათა კოლოფი“, რომელიც ხელოვნურად იმიტირებს გადართვებს - ემოციური მართვის შეგრძნების გასაძლიერებლად
Audi ცდილობს, ელექტრომობილი არ იყოს მხოლოდ სწრაფი, არამედ მართვის გამოცდილებითაც სპორტული.

ამ დროისთვის ბაზარზე ორადგილიანი ელექტრო სპორტული ავტომობილები პრაქტიკულად არ არსებობს, რაც Audi-ს აძლევს უნიკალურ შანსს, გახდეს სეგმენტის პიონერი.

თუმცა 2027 წლისთვის ვითარება შეიძლება შეიცვალოს:
Porsche 718-ის ახალი თაობა
Tesla Roadster (თუ ოდესმე გამოვა)
სხვა პრემიუმ EV სპორტული პროექტები
Audi-ის ახალი მოდელი უნდა მოთავსდეს სადღაც TT-სა და R8-ს შორის - როგორც ფასით, ისე იმიჯით.