
BYD-ის მორიგი წარმატება – Atto 3 გახდა მორიგი EV, რომელმაც მილიონ გაყიდვას გადააჭარბა
Jun 24, 2025
BYD კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით ხვდება ზაფხულს – კომპაქტურმა SUV მოდელმა Atto 3 (ჩინეთში ცნობილი როგორც Yuan Plus) მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი გაყიდვა დააგროვა.
Yuan Plus ჩინეთის ბაზარზე 2022 წლის თებერვალში გამოჩნდა, ხოლო Atto 3-ის სახელით უკვე წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზრებზე. სულ რაღაც სამ წელიწადსა და რამდენიმე თვეში, მოდელმა მილიონი ერთეულის გაყიდვა შეძლო, რაც BYD-ის გლობალური გაფართოების ტემპს ნათლად ასახავს.
Atto 3 ზომით კომპაქტური SUV კლასში ხვდება და მსგავსი პარამეტრები აქვს, როგორიც, მაგალითად, Nissan Qashqai-ს. მოდელი ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოცულობის LFP ბატარეებით, რაც 430-დან 510 კილომეტრამდე სავალ მანძილს უზრუნველყოფს CLTC სტანდარტით. ევროპული WLTP სტანდარტით კი რეინჯი 345-დან 420 კილომეტრამდე მერყეობს.
Atto 3-ის წარმატება გაგრძელდა კორეის ბაზარზეც, სადაც გამოშვებისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია. მანამდე, ამავე ნიშნულს მიაღწია კომპანიის სხვა მოდელმა – Seagull, რომელიც გლობალურად Dolphin Mini/Surf-ის სახელით იყიდება.
BYD აგრძელებს ლიდერობას როგორც ბაზრის ხელმისაწვდომ, ასევე პრემიუმ სეგმენტში, და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ელექტრომობილების გლობალურ რუკაზე წამყვანი მოთამაშეა.